ავტორთა შენიშვნა: სტატია ემყარება მცირე საველე კვლევის ფარგლებში ბოლო 10 წლის განმავლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ჩატარებულ პირისპირ და სატელეფონო ინტერვიუებს. შესაბამისად, მასში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს რეალურ პრაქტიკაში გამოვლენილ შემთხვევათა ზოგად სახეს.
კვლევის მხარდამჭერები არიან სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და ნიდერლანდების სამეფო.
თუ ფაქტის წინაშე არ დამდგარხართ, ალბათ არც გიფიქრიათ რა არჩევანის წინაშე დგებიან გაწვევის მიღების შემდეგ ახალგაზრდები. არჩევანი არა მხოლოდ თანხმობასა და თავის არიდებას უკავშირდება, არამედ, თავის მხრივ, ამ ორივე მხარეს აქვს ცალკეული მიმართულებები, რომელთა საშუალებით წვევამდელები სასურველი გზით ახერხებენ სამხედრო სამსახურთან ურთიერთობის გაგრძელებას.
რა არის სავალდებულო სამხედრო სამსახური?
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულოა 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე მამაკაცებისათვის, თუკი მათ არ გააჩნიათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი. სამხედრო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ ხდება. წვევამდელები საქართველოს თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ნაწილდებიან სახელმწიფო უწყებების მოთხოვნების შესაბამისად. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მიზეზი შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტუდენტის სტატუსის ქონა, დედისერთობა, შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა და სხვა.
საქართველოში სამხედრო სამსახურის სავალდებულო ხასიათი დიდი ხანია დავის საგანია. საზოგადოების ნაწილისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახური ახალგაზრდათა დროის უქმად დაკარგვასა და მათ იაფ სამუშაო ძალად გამოყენებასთან ასოცირდება. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოწინააღმდეგენი მიიჩნევენ, რომ ამგვარი წესით გაწვრთნილი სამხედროები არ არიან სახელმწიფოს დასაცავად მზად, და, რომ დღევანდელ მსოფლიოში სამხედრო შემადგენლობის რიცხოვნობაზე მნიშვნელოვანი მისი მომზადების მაღალი ხარისხი და თანამედროვე საბრძოლო ტექნელოგიებია. შესაბამისად, ახალგაზრდათა ნაწილი სხვადასხვა გზით ცდილობს სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებას. სავალდებულო სამხედრო სამსახური და მისთვის თავის არიდების გზები ხშირი განხილვის საგანია, თუმცა ამ დროს ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან ახალგაზრდები, რომელთაც სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე სავალდებულო სამხედრო სამსახური უკვე გაირეს. მიუხედავად იმისა, თუ როგორია გზა წვევამდელობამდე - დაწყებული თავის არიდების წარუმატებელი მცდელობიდან, დასრულებული მოხალისედ გამოცხადებით - მათი გამოცდილება და შთაბეჭდილებები მნიშვნელოვანი წყაროა სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასახასაითებლად. მათი შეხედეულებები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება: მიზეზებს, თუ რატომ გადაწყვიტეს სამხედრო სამსახურის გავლა, რა გარემო დახვდათ და რა გამოცდილება შეიძინეს იქ. სამსახურგამოვლილთა რჩევები შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს როგორც არჩევანის წინაშე მდგომი ახალგაზრდების, ისე შესაბამისი უწყებებისთვის.
რატომ გადიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს?
გავრცელებული აზრით, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ის ახალგაზრდები გადიან, რომელთაც მისთვის თავის არიდების საშუალება არ აღმოაჩნდათ, თუმცა წვევამდელთა ნაწილი სამხედრო სამსახურს საკუთარი სურვილით აკითხავს. ამ მხრივ, ახალწვეულთა გადაწყვეტილება სხვადასხვა მისწრაფებით შეიძლება იყოს განპირობებული. მაგალითად, ნებაყოფლობით გამოცხადება შეიძლება აიხნას როგორც სავალდებულო, თუმცა მიუღებელი სამსახურის რაც შეიძლება სწრაფად მოსტუმრების სურვილით, ისე რწმენით რომ ამ სამსახურის გავლა სასარგებლოა როგორც პირადად ჯარისკაცისთვის, ისე საზოგადოებისა თუ სახელმწიფოსათვის.
სამხედრო სამსახური მიმზიდველი რამდენიმე მიზეზის გამოა. გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხედრო სამსახურის გავლა მათ შემდგომ კარიერაზე დადებითად აისახება. სამხედრო ბილეთის ქონა შეიძლება ხელშემწყობი იყოს რიგ უწყებებში სამსახურის დასაწყებად. ამას თან ერთვის რიგი საკანონმდებლო ინიციატივებისა, რომელთა მიზანია სამხედრო სამსახურში ნამსახურეობა საჯარო უწყებებში დასაქმების აუცილებელ წინაპირობად იქცეს.[1]
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ერთ-ერთ ხიბლად მისი სამხედრო ხასიათი შეიძლება ჩაითვალოს. ახალგაზრდების ნაწილს იარაღის, სამხედრო ფორმისა და საბრძოლო მოქმედებებისადმი ინტერესი ამოძრავებს. ამგვარი ინტერესის დაკმაყოფილება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უწყების დაქვემდებარებაში აღმოჩნდება წვევამდელი. ხშირ შემთხვევაში, მოლოდინები სამხედრო საქმის უკეთ შესწავლის შესახებ იმედგაცრუებით სრულდება. ახალგაზრდათა ნაწილი სამხედრო კომპონენტისათვის დათმობილ დროსა და რესურსებს არასაკმარისად მიიჩნევს სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაძენად. აღნიშნული საკითხი ნაკლებად აწუხებთ თავდაცვის ძალებში მომსახურე ახალგაზრდებს, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ აქ მომსახურე წვევამდელები, საკონტრაქტო მოსამსახურეთა მსგავსად, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს გადიან.[2]
ახალგაზრდათა მთავარ მამოძრავებელ ძალად მაინც პატრიოტული მოტივები რჩება. წვევამდელთა ნაწილი სამხედრო სამსახურის გავლას საკუთარი სამშობლოს წინაშე ვალდებულებად მიიჩნევს და, შესაბამისად, საკუთარი სურვილით ეწერება სამხედრო მოსამსახურეთა რიგებში. მოხალისეობრივად სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი ახალგაზრდების ნაწილისათვის უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებიდან გამომდინარეობს, რადგან, მათი აზრით, საქართველო საჭიროებს მუდმივ მზაობას თავდაცვისათვის.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნებაყოფლობით გავლა შეიძლება სამომავლო საკონტრაქტო სამსახურის წინაპირობადაც იქცეს. თუმცა ახალგაზრდათა ნაწილი ვალის მოხდად ერთწლიანი სამსახურის დროს მიღებულ გამოცდილებას მიიჩნევს და არის შემთხვევები, როდესაც სამხედრო სამსახურის გაგრძელების შემოთავაზების მიუხედავად, ახალგაზრდები ამ ერთი წლის შემდეგ სხვა მიმართულებით ცდიან ბედს.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდათა გადაწყვეტილებაზე გავლენას ახლობლებისა და მეგობრების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან ერთად, შესაბამისი უწყებების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციებიც ახდენს.
გარემო: რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს ახალწვეული?
სამხედრო სამსახურის გარემო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი უწყების დაქვემდებარებაში აღმოჩნდება წვევამდელი. ყველაზე ინტენსიური მომზადება კარანტინში ყოფნისას მიმდინარეობს, რომელიც განსხვავებული ხანგრძლივობისა შეიძლება იყოს. ახალგაზრდათა ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული პირობები შეესაბამება მოლოდინებს, რომელიც სამხედრო საქმისა და წვრთნის პროცესისადმი არსებობს, ნაწილის აზრით კი, შესაძლებელია პირობების გაუმჯობესება.
მიუხედავად იმისა, სამხედრო სამსახურში წასვლა ახალწვეულთა სურვილითაა განპირობებული თუ არა, ახალი გარემო ყველასათვის გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი გავლენა აქვს მათ შემდგომ ყოფაზე.
გამოწვევების ხასიათი მრავალფეროვანია:
- ცხოვრების ახალი რითმის ათვისება;
- ხელმძღვანელებთან და სხვა წვევამდელებთან ურთიერთობის სირთულეები;
- ფიზიკური დატვირთვა.
სამხედრო სამსახურში არსებული ამ და სხვა გამოწვევების შესახებ გავრცელებული წარმოდგენები ხშირად განსაზღვრავს ახალგაზრდათა მოლოდინებს. თავის მხრივ, ახალწვეულთა განსხვავებული მოლოდინები იმ ფიზიკური სირთულეებისა თუ დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც ჯარში ხვდებათ, აისახება მათ შემდგომ აღქმებზე, თუ როგორ უნდა დაძლიონ ეს დაბრკოლებები და რამდენად შეესაბამება ეს პირობები მათი მომზადების დონეს.
სწორედ ამიტომ, ჯარში ნამყოფი ახალგაზრდები ხშირად მსახურობის პერიოდის მთავარ სირთულეებს საკუთარ პიროვნულ უნარებსა და გამოხატვის ფორმებს უკავშირებენ. ეს შეიძლება იყოს დისციპლინასა და რეჟიმთან შეგუების სირთულე, რის გამომუშავებასაც ხელს უწყობს პრინციპი, რომ ერთის დანაშაულის გამო ისჯება მთელი შემადგენლობა; ისევე როგორც მაღალი პასუხისმგებლობის დაკისრების გააზრება - ჯარისკაცის, როგორც დანაყოფის არა ცალკეული, არამედ საერთო სახის წარმომადგენლისა; ამ პრობლემებს შეიძლება ემატებოდეს ენის ბარიერიც, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ ენის ფაქტობრივი სუსტი ცოდნით, არამედ მათ მიერ ქართული ენის ფლობის დონის არასათანადოდ აღქმითაც. საინტერესოა, რომ ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის შემოდგომაზე შემუშავდა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებზე მორგებული ენის შემსწავლელი პროგრამა. საველე-საწვრთნელ ბაზაზე 7კვირიანი კურსის გავლის შემდეგ ეს ახალგაზრდები იღებენ ქართული ენის საბაზისო ცოდნას, რომლის გაუმჯობესებასაც სამხედრო სამსახურის დანარჩენი პერიოდის განმავლობაშიც აქტიურად ახერხებენ სხვა ახალწვეულებთან კომუნიკაციის გზით.[3] ამას გარდა, ახალგაზრდები იხსენებენ რომ, ის ახალწვეულები, ვინც სახელმწიფო ენასთან ერთად სხვა ენასაც ფლობდნენ, ხშირად ითავსებდნენ ერთგვარი თარჯიმნის ფუნქციას და ენის ბარიერის მქონე ჯარისკაცებს ეხმარებოდნენ კომუნიკაციის დამყარებაში როგორც ხელმძღვანელობასთან, ისე სხვა ჯარისკაცებთან.
გაუმჯობესებული სასაუბრო უნარები განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ იძენს. ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოებრივ საქმეებს მოწყვეტილნი იყვნენ, იღებენ როგორც უფრო აქტიური მონაწილეობის სტიმულს, ისე ამისათვის საჭირო უნარს. შესაბამისად, ერთწლიანი სამსახურიდან დაბრუნებული ახალგაზრდების ინტეგრაცაია არა მხოლოდ ახალი მეგობრების შეძენასა და მათთან ურთიერთობის გაგრძელებაში გამოიხატება, არამედ, ზოგადად, საზოგადოების უფრო აქტიურ წევრად ქცევაში.
მიღებული გამოცდილება, ანუ რას ფიქრობენ ახალგაზრდები ჯარში მსახურობის ერთი წლის შემდეგ?
სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ახალგაზრდათა შთაბეჭდილებები ისეთივე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, როგორც მოლოდინები სამსახურის გავლამდე. თუ ზოგიერთმა განვლილ ერთ წელში საფუძვლიანად გაიუმჯობესა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მზადყოფნა, სხვებისთვის ეს გამოცდილება შეიძლება კოგნიტური უნარების განვითარებას უკავშირდებოდეს. საერთო ჯამში კი, გაწვევამდე წარმოდგენილი და სამსახურის გავლის შემდგომი რეალობა ხშირად არაა თანხვედრაში, როგორც დანაკლისების, ისე პირიქით, მოულოდნელი შენაძენების გათვალისწინებით.
ახალგაზრდათა ნაწილი განვლილი ერთი წლის მთავარ მონაგარად გაზრდილ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და შეძენილ უნარ-ჩვევებს მიიჩნევს. აქ იგულისხმება მითუფრო ისეთი უნარები, რაც პიროვნულ სიძლიერეს, დისციპლინისა და წესრიგისადმი მიჩვევას (არა მხოლოდ სამხედრო ბაზაზე), საკუთარი აზრის დაფიქსირების მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობის, ამავდროულად კი მისი თანმდევი პასუხისმგებლობის გააზრებას უკავშირდება. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდისთვის გაწვევამდე ჯარისადმი ზერელე დამოკიდებულება ნამსახურეობის შემდგომ ამ ორგანოსადმი პატივისცემითა და, შესაბამისად, საკუთარი, როგორც მოქალაქის როლის გადაფასებით შეიცვალა. გამოკითხულთაგან ზოგიერთი ახალწვეულისათვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და მოვალოების აღქმაზე გავლენა ასევე იქონია სამხედრო სამსახურში შესვლის აღსანიშნავმა ფიცის დადების ცერემონიამ, რაც მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელ მოგონებად დარჩა. ფიცის დადებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს მისი მიმართება ერისა და ქვეყნის წინაშე, რაც სიამაყის გრძნობის აღძვრასთან ერთად, ახალი პასუხისმგებლობების გაცნობიერებაშიც ეხმარება ახალწვეულებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სამხედრო ბაზის მაგალითზე მრავალფეროვნების გაცნობიერება, რაც, ჩვეულებრივ, სცდება მხოლოდ სამხედრო სამსახურის საზღვრებს და ზოგადი მრავალფეროვნების გააზრებისა და პატივისცემის საფუძველი უნდა იყოს, ისევე როგორც ერთმანეთის უკეთ გაცნობა, რასაც ხელს უწყობს ჯარში მეტნაკლებად ხანგრძლივი - ერთწლიანი ურთიერთობის პირობა. როგორც ხშირად აღნიშნავენ, ახალწვეულები უკეთ შეიცნობენ ერთმანეთის, და ზოგადად ადამიანის ხასიათს და ხვეწენ ურთიერთობების ფორმას. ტოლერანტობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების ახალგაზრდების ერთად მსახურებას ბაზაზე და ერთმანეთის ჩვეულებებისა თუ ტრადიციების პატივისცემას. ამაზე მოწმობს ის გარემოებაც, რომ წვევამდელებისთვის საკუთარი აღმსარებლობის გამოხატვა არაა შეზღუდული.
სადაა პრობლემა და რაში ხედავენ გამოსავალს ჯარისკაცები?
სავალდებულო სამხედრო სამსახურის მნიშვნელოვან გამოწვევად ანაზღაურების საკითხი რჩება. წვევამდელებისათვის გათვალისწინებული მიზერული თვიური ხელფასი სამხედრო სამსახურის პრესტიჟზე უარყოფითად აისახება. ახალგაზრების დიდი ნაწილი პირად და ოჯახის სახსრებზე დამოკიდებული რჩება იმისათვის, რომ ერთწლიანი სამხედრო სამსახურისას საკუთარი თავი უზრუნველყოს. ნაწილი კი პარალელურად დასაქმებას ცდილობს. ანაზღაურების საკითხის გადაჭრა შესაძლებელს გახდიდა სამხედრო სამსახურის პრესტიჟის ზრდას.
მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგებიან ის წვევამდელები, რომლებიც თავდაცვის ძალებში არ მსახურობენ. ამ გამოწვევათა შორისაა როგორც ზემოხსენებული მიზერული თვიური ანაზღაურება, ისე გრაფიკი (24 საათიანი ცვლა 3 დღეში ერთხელ, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 3 საათია გამოყოფილი ძილისთვის) და სათანადო სამხედრო მზაობის ვერ მიღწევა. შესაბამისად, ჯარისკაცთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში უნდა შედიოდეს და ამ გზით ზემოთხსენებული პრობლემებიც მოგვარდება. თუმცა, ახალგაზრდათა ის ნაწილი, რომლებიც დაცვის სამსახურში მსახურობის პარალელურად, უნივერსიტეტშიც სწავლობდნენ, მიიჩნევენ რომ ამგვარი პროგრამა ხელსაყრელია, რადგან მათ სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ მოუწიათ სამხედრო სამსახურის გავლის გამო.
სამხედროებზე, მათ შორის გამოცდილ ჯარისკაცებსა და ოფიცერებზე სამაგალითო მზრუნველობა, გამოკითხულთა აზრით, მნიშვნელოვან სტიმულად შეიძლება იქცეს ახალგაზრდებისათვის. ამისათვის საჭიროა როგორც სამხედრო საქმისა და სამხედრო მოსამსახურეთა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებრივ დონეზე, ისევე მათი ღვაწლის მეტად დაფასება შესაბამისი უწყებების მხრიდან.
ავტორები: თაია წიკლაური, ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტი
ლევან კაპიტანოვი, თსუ მაგისტრანტი
[1] http://sknews.ge/index.php?newsid=21420
[2] https://mod.gov.ge/ge/news/read/5555/cvevamdelebis-migeba-ganaxlebuli-cesit-daicko
[3] https://mod.gov.ge/ge/news/read/6859/etnikuri-umciresobis-warmomadgeneli-123-wvevamdeli-qartul-enas-sheiswavlis?fbclid=IwAR21PioMgjEYExlUDYV5yyIUWfw-IvjVBcrZJxDrmv81imTo1XZsKWBe-zQ