reports-akhalkalaki.jpg

ირაკლი ალადაშვილი

ჟურნალი „არსენალი“, მთავარი რედაქტორი

აზერბაიჯან-სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში მორიგი ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს სამხრეთით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალქალაქში თავდაცვის სამინისტრომ ახალი სამხედრო ბაზა აამოქმედა.

თუმცა, ეს ობიექტი თავის დანიშნულებითა და მნიშვნელობით დიდად ცდება ჩვეულებრივი სამხედრო ბაზის განმარტებას და მეტად სერიოზულ დატვირთვას იძენს.

20 სექტემბერს, ახალქალაქში გაიხსნა „უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი“, იგივე „ბი-სი-ტი“- Basic Combat Training (BCT) საერთოდ, „ბი-სი-ტის“ პროგრამით, შეირაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურში აყვანილების საწყისი სამხედრო მომზადების პროგრამა ქართულ არმიაში ჯერ კიდევ 18 წლის წინ დაიწყო და ის ტერიტორიულად კრწანისის სასწავლო ცენტრში ხორციელდებოდა.

ახალქალაქში ამ ცენტრის გადატანამდე, განხორციელდა ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ახალი შენობების აგება, რაც ერთდროულად 800-მდე რეკრუტის 10 კვირიან შეუფერხებელ საწყის საბრძოლო მომზადებას უზრუნველყოფს.

თავად ის ფაქტი,რომ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ახალი საკუთარი ბაზა გამოუჩნდა, უკვე მისასალმებელია, მაგრამ ამ მოვლენას კიდევ ერთი, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი მხარეც ჰქონდეს – საქართველოს სამხრეთ რეგიონში, კერძოდ კი, სამცხე-ჯავახეთში ქვეყნის სტრატეგიული მდგომარეობა უფრო მყარდება, იქ ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის, როგორც თავდაცვის ძალებია, ფეხის მჭიდრო მოკიდებით.

ახალქალაქში და მიმდებარე სოფლებში ქართული არმიის სამხედროების საველე წვრთნები და მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა ადგილობრივებს დაანახვებს, რომ თბილისს არ დავიწყებია ეს რეგიონი.

გარდა ამისა, ქართული სამხედრო ბაზის ამოქმედება ახალქალაქში, სოციალური თვალსაზრისით მომგებიანი უნდა გახდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

რა დასამალია და ადგილობრივების ნაწილი 13 წლის წინ იმიტომაც იყო უკმაყოფილო ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანით, რომ მათ სამუშაო ადგილები და შემოსავალი დაკარგეს–ვინ უშუალოდ ბაზაზე მუშაობდა, ვინ პროდუქტებს აწვდიდა.

თუკი ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობას საშუალება მიეცემა „უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში“ დამხმარე სამუშაოები განახორციელოს და ამისთვის სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს, ხოლო მეორე ნაწილმა პროდუქტებით სისტემატურად მოამარაგოს ბაზის პირადი შემადგენლობა (და არა ისე, როდესაც ახალციხის სამხედრო სასადილოში კარტოფილი თბილისის ცენტრალური ბაზიდან ჩაჰქონდათ ხოლმე), მაშინ ახალქალაქელებს წმინდა საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდებათ ქართული არმიის ამ სამხედრო ნაწილთან და დაინტერესებულნი იქნებიან მისი გამართული მუშაობითა და გაძლიერებით...

ახალქალაქში,თავდაცვის ძალების ახალი ბაზის შექმნა გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ამ რეგიონში საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას.

ჩვენი დოსიე: 1828 წელს რუსმა გენერალმა პასკევიჩმა ახალქალაქი აიღო და ერთი წლის შემდეგ რუსეთს შეუერთა. ახალქალაქში მას შემდეგ მეფის რუსეთის არმიის გარნიზონი ჩადგა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ახალქალაქში წითელი არმიის 51-ე გამაგრებული რაიონი შეიქმნა იმისთვის, რომ გერმანიის მხარეს ომში თურქეთის ჩართვის შემთხვევაში, შეეჩერებინა მოწინააღმდეგე.

1946 წელს ამ გამაგრებული რაიონის ბაზაზე ჩამოყალიბდა მე-12 სატყვიამფრქვევო-საარტილერიო ბრიგადა, რომელიც ერთი წლის შემდეგ დივიზიის დონემდე გაიზარდა.

1958 წელს მე-12 სატყვიამფრქვევო-საარტილერიო დივიზია 147-ე მოტომსროლელ დივიზიად გადაკეთდა და ამ სახელით იყო დისლოცირებული ახალქალაქში, საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

1992 წლის მაისში ამ დივიზიამ მიიღო 62-ე რუსული სამხედრო ბაზის სტატუსი, ხოლო 2007 წლის 1 ოქტომბერს გაყვანილი იქნა საქართველოს ტერიტორიიდან.


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა