reports kutaisi 2021 02 10

ქუთაისელი ახალგაზრდების ჯგუფის მიერ, ბექა ძოწენიძისა და ანა შალიკიანის მენტორობით, ჩატარდა კვლევა პოლიციის მიმართ ნდობის შესახებ და მათივე ავტორობით მომზადდა შესაბამისი ანგარიში. ღონისძიება განხორციელდა სამოქალაქო საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მიერ ორგანიზებული პროექტის „მრავალფეროვნება, ინკლუზია და თანაბარი შესაძლებლობები თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებში“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერიცაა ნიდერლანდების სამეფო.

ახალგაზრდებმა ანონიმურობის პრინციპით გამოკითხეს 14-29 წლის ასაკის 101 ახალგაზრდა. მათ შორის თითქმის თანაბარი გადანაწილება იყო მდედრობითსა და მამრობით სქესს შორის - 47.5% და 49.5%. ხოლო გამოკითხულთა დარჩენილმა 3%-მა არ ისურვა ამ კითხვაზე იდენტიფიცირება. აქვე, კვლევაში ჩართულთა უდიდესი ნაწილი წარმოადგენდა სტუდენტებს(47.5%), დანარჩენები კი მოსწავლეებს, პროფესიულ სასწავლებლებს/კოლეჯებსა და კურსდამთავრებულებს.

გამოკითხვები მიმდინარეობდა როგორც პირისპირ, საველე პირობებში, ისე ელექტრონული პლატფორმების დახმარებით. რაც შეეხება კვლევის ხანგრძლივობას, ახალგაზრდა მკვლევარები 25 დღის განმავლობაში, 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე, მოიპოვებდნენ მონაცემებს რესპონდენტებისაგან.     

კითხვარის პირველი ნაწილი ტექნიკური ხასიათის კითხვებს მოიცავდა რესპონდენტა სქესის, ასაკის, განათლებისა და დასაქმების სფეროს შესახებ. ხოლო მეორე ნაწილში კითხვები ეხებოდა პოლიციის სანდოობის შეფასებას, მათ საქმიანობასთან რესპონდენტთა თანაკვეთას, მიღებულ/ვერ მიღებულ დახმარებასა და მიმართვიანობას. სანდოობის საზომ შკალაზე, სადაც პასუხები წარმოდგენილი იყო სრულად ვენდობიდან სრულიად არ ვენდობი-ს კატეგორიამდე, უფრო დადებითი პასუხები(სრულად ვენდობი, უფრო ვენდობი და უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი) ჭარბობდა, ხოლო სრულიად არ ვენდობი და უფრო არ ვენდობი პასუხები რესპონდენტთა 41%-მა დააფიქსირა.

ხოლო ისეთ კითხვებზე როგორიცაა: გქონიათ თუ არა პოლიციის საქმიანობასთან შეხება? დაგხმარებიათ თუ არა პოლიცია? და მიგიმართავთ თუ არა თავად პოლიციისთვის? გამოკითხულებმა უფრო უარყოფითი პასუხები გასცეს, ვიდრე დადებითი.

კითხვარის მესამე ნაწილი კი უფრო თვისებრივ კითხვებს მოიცავდა ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა ძალადობის, საკუთრების ხელყოფის, უფლებების დარღვევისა, მავნე ჩვევების შედეგად გამოწვეული ზარალის და სხვა ფაქტებს. ამ შემთხვევაში, გამოკითხულთა 90%-მა აღნიშნა, რომ შესწრებია ზემოთხსენებულ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ყველაზე ხშირად კი გარემოს დაბინძურებას, ქუჩურ გარჩევასა და არასრულწლოვნებზე თამბაქოს/ალკოჰოლის გაცემასა და მათ მიერ ამ პროდუქტის მოხმარებას. ხოლო კითხვაზე თუ ძალადობის რომელ ფაქტს შესწრებიან ყველაზე ხშირად, რესპონდენტთა ყველაზე დიდმა ნაწილმა - 40%-მა ბულინგი უპასუხა, რაც გასაკვირი სულაც  არაა ახალგარზდებისგან, რომელთაც ყოველდღიურ გარემოს სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სივრცე წარმოადგენს, სადაც, სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით ჩაგვრის შემთხვევებს.

დასკვნით ნაწილში გამოკითხულებს მოუწიათ არა მხოლოდ პოლიციის, არამედ საკუთარი რეაქციების შეფასებაც, კითხვაზე პასუხით მოუხდენიათ თუ არა რეაგირება ჩაგვრისა თუ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემჩნევისას, რაზეც მათი უმრავლესობა, 70%, დადებითად პასუხობს. ხოლო უფრო კომპლექსურ საკითხზე, თუ ვისი ჩართულობაა მიზანშეწონილი ძალადობისა თუ ქუჩური გარჩევის ფაქტის აღმოსაფხვრელად - მშობლის, მასწავლებლის, თანატოლის თუ პოლიციის, ოთხივე აქტორი ფიგურირებს პასუხებში, თუმცა ამ შემთხვევაში რესპონდენტები ყველაზე საჭიროდ სწორედ პოლიციის ჩართულობას თვლიან.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ რომ, როგორც კვლევამ აჩვენა, ზოგადად, პოლიციას მოქალაქეები უფრო ენდობიან, ვიდრე არ ენდობიან. თუმცა კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში ხან აქვთ, ხან კი არა მათგან დახმარების მიღების იმედი თუ გამოცდილება და მათი წარმოდგენები სწორედ ამ გამოცდილებებზე დაყრდნობით ყალიბდება. ამიტომ უკეთესია ყველა პოლიციელი მუდამ მზად იყოს ნებისმიერი მოქალაქის, მითუფრო ახალგაზრდების დასახმარებლად, რადგან როგორც მათ გამოკითხვისას აღნიშნეს, ახალგაზრდების ყოველდღიურობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, სხვა აქტორების(მშობლის, თანატოლის, მასწავლებლის) ჩართულობაზე მეტად, სწორედ პოლიციის ჩართულობისა და დახმარების საჭიროებას ხედავენ.


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა