US SE Flags

მრავალფეროვნებაზე საუბრისას თვალსაჩინო მაგალითის სახით ხშირად შევხვდებით აშშ-ს, სადაც განსხვავებული ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების ადამიანები თანაცხოვრობენ. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სამხედრო სამსახურში არსებული მრავალფეროვნების კვლევისასაც აშშ იქცევს ყურადღებას. ისევე როგორც შვედეთი - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, მრავალფეროვანი, და ამავდროულად მშვიდობიანი ქვეყანა, სადაც სამხედრო სამსახურს მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება ამ სამსახურებში ასევე საინტერესოა მოცემული კვლევისათვის. ქვემოთ კონკრეტული მონაცემების მოყვანით განვიხილავთ ორივე ქვეყნის სამხედრო სამსახურის პრაქტიკას მრავალფეროვნებასთან მიმართებით.

რასობრივი კუთხით რომ განვიხილოთ, 2010 წლის მონაცემებით, აშშ-ის სამხედროების 22,7%-ს შავკანიანები წარმოადგენდნენ, ასევე,სარეზერვო ოფიცრების 16,5%-ს და აქტიური ოფიცრების 11%-ს. რასობრივი მრავალფეროვნება მკვეთრად მცირდება მაღალ სამხედრო ეშელონებში. მიუხედავად იმისა, რომ ოფიცერთა კორპუსს რასობრივი მრავალფეროვნების თითქმის ის დონე აქვს, როგორც ზოგადად მოსახლეობას, უფრო მაღალი წოდების მქონდე პირები-სამხედრო ძალების, არმიის, საზღვაო და საჰაერო კორპუსის წარმომადგენლები არაპროპორციულად ნაწილდებიან. 2018 წლის მონაცემებით სამხედრო არმიაში ირიცხება 11.5 % შავკანიანებისა და 9.1 % ლათინური ამერიკის წარმომადგენლებისა. საზღვაო-სამხედრო არმიაში ირიცხება 6.6 % შავკანიანი, ხოლო 10% ლათინური ამერიკის წარმომაგენელი, საჰაერო-სამხედრო არმიაში კი გვხვდება შავკანიანების 6.5 % და ლათინური ამერიკის წარმომადგენლების 8.2%.

აშშ-ის კვლევითი სამსახურის  2019 წლის ანგარიშის მონაცემები თითქმის არ განსხვავდება წინა წლის მონაცემებისაგან. სამხედრო სამსახურის სამეთაურო რგოლში არ გვხვდება არც ერთი შავკანიანი ან სხვა რასის წარმომადგენელი და ამასთანავე, არ ირიცხება არც ერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. 2020 წელს არმიის საბრძოლო დანაყოფების 96 მეთაურიდან მხოლოდ 2 მეთაურია შავკანიანი, რაც, კიდევ ერთხელ, ნათელს ხდის, რომ მაღალი წოდების მიღწევის გზები მაინც ჩაკეტილია შავკანიანებისათვის.

თუმცა არსებობს პოზიტიური სტატისტიკაც, 2014 წლის მონაცემებით საბრძოლო ნაწილებს 6%-ზე ნაკლები შავკანიანი უერთდებოდა, ხოლო 2020 წლის მონაცემებით მათი რიცხვი თითქმის 10%-ს აღწევს, ცვლილება საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, თუმცა კლების ნაცვლად სტაბილურად იზრდება შავკანიან ოფიცერთა რაოდენობა, რაც მომავალში ეთნიკური განსხვავების შემცირების იმედსაც იძლევა.

საკმაოდ განსხვავებულია სამხედრო სამსახურში არსებული სიტუაცია გენდერული კუთხითაც. ქალები ყველა სამხედრო სამსახურში ოფიცერთა დაახლოებით მეხუთედს შეადგენენ, გარდა საზღვაო კორპუსისა, სადაც ისინი ჯამში მხოლოდ 8%-ს შეადგენენ. მნიშვნელოვანია ვახსენოთ 2019 წლის მოვლენა, როდესაც ლორა იაგერი გახდა პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა აშშ-ის არმიის ქვეით დივიზიას (კერძოდ, კალიფორნიის ეროვნული გვარდიის მე-40 ქვეითი დივიზია).

რაც შეეხება რელიგიურ კუთვნილებას, ყველა რელიგიის წარმომადგენელ პირს უფლება აქვს სამხედრო სამსახურში იმსახუროს. სწორედ ამ მიზნით, სამხედრო სამსახური სპეციალურ გამონაკლისებს უშვებს იმ სამხედროებისთვის, რომელთაც სურთ, რომ საკუთარი რელიგიური აღმსარებლობისთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს შეუფერხებლად მიჰყვნენ სამხედრო მსახურისას. 2019 წლის მონაცემებით,აქტიურ სამხედრო მოსამსახურეთა 19.9%-ს წარმოადგენდნენ კათოლიკე ქრისტიანები, 17.9%-ს პროტესტანტი ქრისტიანები, 0.2%-ს პროტესტანტები, 2.3%-ს ათეისტები/აგნოსტიკები, 0.4%-ს იუდაიზმის და ამდენივეს ისლამის მიმდევრები. სამხედროების დაახლოებით 60% ან სხვა რელიგიის მიმდევარია, ან არ არსებობს ამ მახასიათებლის შესახებ ინფორმაცია.

2010 წლიდან, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ჰომოსექსუალ ადამიანებს ღიად მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ სამხედრო სამსახურში. იმის მიუხედავად, რომ მსგავსი პოლიტიკური ცვლილებები არ მოქმედებდა ტრანსგენდერ ადამიანებზე და მეტიც, სხვა ქვეყნების პრაქტიკის შესწავლითა და საზოგადოებაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, აშკარა იყო, რომ სამხედრო სამსახური არ გამოთქვამდა მზაობას ტრანსგენდერი სამხედრო მოსამსახურეების მიღებასთან დაკავშირებით, 2016 წელს მაშინდელმა თავდაცვის მდივანმა, ეშტონ კარტერმა, განაცხადა, რომ ტრანსგენდერ ამერიკელებს ღიად უნდა ჰქონოდათ სამხედრო სამსახურში მსახურის შესაძლებლობა და მათი ამ მახასიათებლის გამო გათავისუფლება დაუშვებელი იყო. ამავე წელს, კანონის თანახმად, ტრანსგენდერ პირებს უფლება მიეცათ ღიად ემსახურათ სამხედრო სამსახურში.

რაც შეეხება შვედეთის პრაქტიკას, გენდერული ნიშნით რომ დავიწყოთ, ქალთა სამხედრო სამსახურში ჩართულობის საკითხი ჯერ კიდევ 70-იან წლებში დადგა დღის წესრიგში და უკვე 80-იანების ბოლოს არაერთი რეგულაცია იყო  მიღებული მათთვის როგორც ჯარში მსახურების, ისე სხვადასხვა დანაყოფებში პოზიციების დაკავების უფლების მინიჭების გზით. ხოლო 1995 წლიდან ქალებს შესაძლებლობა მიეცათ დაეკავებინათ ტრენერის პოზიცია და გაძღოლოდნენ საბაზისო სამხედრო სწავლებებს. რა თქმა უნდა, განხორციელებულ ნაბიჯებს თან ახლდა დაბრკოლებები, რომლებიც ქალთა სექსუალურ შევიწროვებასთან იყო დაკავშირებული. თუმცა ქვეყანაში გატარებული გენდერული თანასწორობის პოლიტიკა არც ერთ საკითხს არ ტოვებდა უყურადღებოდ. მსგავსი ცვლილება მნიშვნელოვანი იყო ევროპის სხვა ქვეყნებისთვისაც, რადგან სწორედ შვედეთში განხორციელებული პოლიტიკის შედეგად სხვა ქვეყნებმაც მისცეს ქალებს სამხედრო სამსახურში ჩართვის შესაძლებლობა, თუმცა გარკვეულ პოზიციებზე, მაგ: მფრინავებისა და მყვინთავების პოზიციებზე ქალების დასაქმება შედარებით გვიან მოხდა.

რაც შეეხება განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას, 2001 წელს პარლამენტის ომბუდსმენის ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა SAF-ის (შვედეთის დასაქმების ბიუროს) დისკრიმინაციული პოლიტიკა. პარლამენტის სახალხო დამცველის ოფისების გენდერული თანასწორობის საკითხებისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ერთობლივი ქმედებების შემდეგ, SAF-მა საბოლოოდ შეცვალა პოლიტიკა, რითაც ნულამდე დაიყვანა დისკრიმინაციული პოლიტიკის ბოლო ნარჩენები. 2008 წელს SAF-მა მუშაობა დაიწყო პოლიტიკურ დოკუმენტზე, სადაც განხილული იყო ტრანსგენდერთა უფლებები და, ზოგადად, სექსუალური ორიენტაციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. პოლიტიკური დოკუმენტი სექსუალური ორიენტაციის გარდა, ხაზს უსვამდა ეთნიკურობას, რელიგიურობას, შეზღუდულ შესაძლებლობებს. მთავარი მიზანი იყო ორგანიზაციული დაბრკოლებების აღმოფხვრა და საზოგადოებასა და შეიარაღებულ ძალებში მრავალფეროვნების ხელშეწყობა. მრავალფეროვნება გახდა ერთგვარი „მამოძრავებელი ძალა“, რაც ხელს შეუწყობდა ორგანიზაციის მეტად ეფექტურობას. დისკრიმინაციული პოლიტიკა შეიცვალა თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკითა და მრავალფეროვანი სამხედრო ხედვით.

 

ანალიზი მომზადდა სამოქალაქო საბჭოს პროექტის „მრავალფეროვნება, ინკლუზია და თანასწორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებში“ ფარგლებში. მასზე იმუშავეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა - თამთა ჭრიკიშვილმა და ნინუცა შანშაშვილმა.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

 

           

სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა