reports-2020-10-27.jpg

ავტორი: ლილე ბერაძე

,,საჭიროა მეტი ქალი, ასევე მეტი უმცირესობის წარმომადგენელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში"-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში"" დამფუძნებელმა, შორენა ლორთქიფანიძემ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგზე ისაუბრა.

როგორც შორენა ლორთქიფანიძე აღნიშნავს, არსებობს უამრავი სტერეოტიპი, რის გამოც გარკვეულ სფეროებში ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების ჩართულობა მინიმალურია. შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, მრავალფეროვნების ხელშეწყობა და ინკლუზიური განათლება უმნიშვნელოვანესია.

,,თავდაცვა და უსაფრთხოება ის საკითხებია, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება დაირღვეს ადამიანის უფლებები, რადგან დახურულ სფეროებს წარმოადგენენ. ამიტომ საჭიროა ამ სამსახურების მუდმივი ზედამხედველობა. ქალები მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი ჯარსა და პოლიციაში, რადგან არსებობს სექსისტური მიდგომები. ასევე მინიმალური რაოდენობით გვხვდებიან ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა უმცირესოსები. ხშირად ეთნიკურ ჯგუფებს საფრთხესთან აიგივებენ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. არსებობს ბევრი ბარიერი, რის გამოც ისინი ვერ ინტეგრირდებიან საზოგადოებაში. ერთ-ერთ ასეთ დაბრკოლებას ენის პრობლემა წარმოადგენს, რაც მათ კარიერულ წინსვლას აფერხებს. ენობრივი ბარიერი განსაკუთრებით პანდემიის პირობებში წარმოჩინდა, როცა ქვემო ქართლის რამდენიმე რაიონი ჩაიკეტა და იყო კომუნიკაციის პრობლემა თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის, ასევე ჯანდაცის სფეროს წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის. ბევრი კომპლექსური პრობლემაა, რაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვაგვაროთ, უნდა ვიმუშავოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რათა მივიღოთ მრავალფეროვანი, ტოლერანტული საზოგადოება," - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.

შეხვედრას სტუდენტები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე, ქრისტინე ჩიხლაძე ამბობს, რომ ტრენინგი ინფორმაციული და საინტერესო იყო.

,,მიუხედავად იმისა, რომ გენდერის თემა აქტიურად შუქდება, დღეს ეს თემა სხვა კუთხით დავინახეთ. დავგეგმეთ ახალი პროექტიც და ჩვენს ცოდნას სხვებს გადავცემთ" - ამბობს ქრისტინა ჩიხლაძე.

ტრენინგი პროექტის ,,მრავალფეროვნება და ინკლუზია თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში უფრო თანასწორი წარმომადგენლობისა და მონაწილეობისთვის'" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში დემოკრატიული საფუძვლის ჩაყრა, საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში'' 2005 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი დემოკრატიული ცვლილებების ხელშეწყობა, თავდაცვის და უსაფრთხოების სამსახურებში დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერებაა.


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა