სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით 2019 წლის სექტემბრიდან ახორციელებს პროექტს მრავალფეროვნება, ინკლუზია და ქალთა თანასწორი მონაწილეობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა არაერთი სემინარი თუ ლექცია, რომელთაც ესწრებოდნენ როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები, ისე დაინტერესებული ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
ერთ-ერთი სალექციო სესიის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორგანიზება გაუწიეს ესეების კონკურსს მრავალფეროვნების საკითხის გარშემო. 14-24 წლის ახალგაზრდებმა მეტად საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს და მათზე მუშაობისას დაეყრდნენ როგორც ლექციებზე მიღებულ ცოდნას, ისე ისტორიულ თუ პირად გამოცდილებებს. ეს უკანასკნელი მითუფრო საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ მონაწილეთა შორის არაერთი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი უმცირესობის წარმომადგენელია და ისინი თამამად წერენ საკუთარ შეხედულებებსა და არსებულ რეალობაზე მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის კუთხით.
ბევრი კონკურსანტი წერას მრავალფეროვნების საკუთარი თუ საყოველთაოდ გავრცელებული განმარტებისა და აღქმის აღწერით იწყებს და ამ ფართო ცნებას ადარებს მრავალფეროვან, და ამავდროულად, ყველასათვის თანასწორ გარემოს. ზოგისთვის ეს ყველაფერი გლობალიზაციის მონაპოვართან ასოცირდება, ზოგი კი მრავალფეროვნებას ჩვენს ხელთ არსებულ უმთავრეს სიმდიდრესა და პროგრესის ერთგვარ იარაღსაც უწოდებს.
პროგრესი კი მხოლოდ ტოლერანტობის გზით რომ მიიღწევა, ამაზე ყველა მონაწილე ერთხმად წერს და ამ ცნების თავისებურ გააზრებასაც გვთავაზობენ. ბევრი ახალგაზრდა ამბობს, რომ ტოლერანტობა არა მხოლოდ ინდივიდუალური თუ საზოგადოებრივი მზაობა და განსხვავებულის მიმღებლობა, არამედ საერთო ენისა და დამაკავშირებელი წერტილების გამონახვა და ასე თანაცხოვრებაა. ერთ-ერთ ესეში ტოლერანტობა განმარტებულია როგორც თავისუფლება მრავალფეროვნებაში და, რა გასაკვირია რომ, ამ ყველაფრის საწინდარს, ბევრი კონკურსანტის აზრით, პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემა წარმოადგენს. ამ ყველაფრის ნაკლებობა განხილულია, როგორც კონფლიქტებისა და ძალადობის ხშირი მიზეზი, რომელიც საფრთხეს უქმნის თავდაცვასა და უსაფრთხოებას.
განსხვავებული აზრის, კულტურის, რელიგიური მრწამსის და სხვათა პატივისცემასა და შემწყნარებლობას ერთ-ერთ ნაშრომში ჰუმანიზმის პრინციპებამდე მივყავართ და ეს მსოფლმხედველობა კულტურათა დაახლოების მამოძრავებელ ძალადაც კია განხილული. ამის და, ზოგადად, განსხვავებულ ხალხთა დაახლოებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების საილუსტრაციოდ ბევრ მონაწილეს მაგალითად მოჰყავს აშშ. თუმცა მათ არ ავიწყდებათ ის რთული გზა, რაც ამ სახელმიწფომ გამოიარა თანასწორი გარემოს შექმნამდე და დღესაც კი დროდადრო წარმოჩენილი ისეთი კრიზისები, როგორიც იყო თუნდაც გასულ წელს აფროამერიკელი მამაკაცის გარდაცვალება პოლიციის ოფიცრის მიერ მისი დაპატიმრებისას.
ჩვენს რეალობაში კი კულტურული დაახლოების შედეგი საუკეთესოდ შეიმჩნევა თბილისის არაერთგვაროვან არქიტექტურაში, ლიტერატურაში, ფოლკლორსა თუ ზოგადად შემორჩენილ ბევრ ტრადიციასა და ადათში. ამ საკითხებზე საუბრისას არაერთ ესეში შევხვდებით ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილისა თუ სხვა საზოგადო მოღვაწეთა სიტყვებს, რომელთა მოშველიებითაც ახალგაზრდები ხაზს უსვამენ საქართველოს, როგორც ისტორიულად შემწყნარებელი გარემოს მაგალითს.
თუმცა, დღეს არსებული გამოწვევებიც აისახება ბევრ ნაწერში, რისი მოსმენაც კიდევ უფრო საგულისხმოა ეთნიკური, ენობრივი თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისგან. აქ ისინი ხაზს უსვამენ ჩვენს ქვეყანაში არსებული ინტეგრაციის პოლიტიკის სიკეთეებს, თუმცა მის სუსტ მხარეებსაც, და შეგვახსენებენ საზოგადოების ჩართულობისა და ტოლერანტობისთვის მზაობის მნიშვნელობაზე. პოლიტიკური მიმართულების გაანალიზებისას ხშირად გვხვდება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი პასაჟების განხილვაც, რითაც კონკურსანტები ყურადღებას ამახვილებენ მრავალფეროვნების ხელშეწყობის სამართლებრივ საფუძვლებზე.
გამოწვევებზე საუბრისას კონკურსანტები აღნიშნავენ, რომ მრავალფეროვნების მიღება ბევრად მარტივია ახალგაზრდების მხრიდან, ხოლო უფროსი თაობები ზოგჯერ უფრო ეჭვით უყურებენ ამ პროცესებს და თითქოს ფარული შიშიც კი აქვთ განსხვავებული მრწამსის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ სხვათ მიმღებლობაზე ფიქრისას. თუმცა ის რომ ასეთი დამოკიდებულება ხშირად ინერტულობის შედეგია და რეალური საფუძელი არ აქვს, იმედისმომცემია მრავალფეროვნების გაძლიერებისათვის.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონკურსანტები თანხმდებიან საკუთარი თავის შეცვლის, თვითშემეცნებისა და უკვე შემდგომ სრული საზოგადოებრივი და ეროვნული გარდაქმნის ფაზაზე გადასვლის აუცილებლობაზე. ეს ყველაფერი მათთვის უკვე აქტიური პროცესია - ბევრი მათგან ჯერ ხომ მხოლოდ სკოლის მოსწავლეა, თუმცა უკვე ცხადად იაზრებენ მრავალფეროვანი და ერთობლივ განვითარებაზე მზრუნველი საზოგადოების მნიშვნელობას. ამისთვის ისინი საკუთარ წილს ასრულებენ გარშემომომყოფთა მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულებითა და აქტიური მოქალაქეობის სახით მსგავს პროექტებში ჩართულობით, რითაც მაგალითს აძლევენ მეგობრებსა და თანატოლებს.
კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ მარიამ მაღლაკელიძე თბილისიდან (I ადგილი), გვანცა ბერიძე საჩხერიდან (II ადგილი) და ზოია დუმბაძე ხელვაჩაურიდან (III ადგილი). სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში კიდევ ერთხელ ულოცავს მათ გამარჯვებას და თითოეულ მონაწილეს სამომავლო წარმატებას უსურვებს.