210607 Aka Morchiladze Intro Text

შესავალი აკა მორჩილაძის ესესთვის

შორენა ლორთქიფანიძე, სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში

2019 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების საელჩომ ჩვენი პროექტი - „მრავალფეროვნება, ინკლუზია და გენდერული თანასწორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტებში“ - დააფინანსა, საოცარი მოგზაურობა დაიწყო სამოქალაქო საბჭოსთვის, მოგზაურობა მრავალფეროვნების სამყაროში, ახალი ტერმინების, კონცეფციების და მათი შინაარსის აღმოჩენის ბედნიერებას კიდევ უფრო აძლიერებდა ჩვენი შეკრული, გამოცდილი და შესანიშნავი გუნდი, ადამიანები, რომლებიც 20 წელზე მეტია საქართველოში დემოკრატიული ცვლილებებისთვის შრომობენ.

მოკლედ, დავიწყეთ და უკეთ გავიცანით თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მამაცი თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ ინკლუზიური გარემო შექმნან ამ უწყებებში, დაინახონ და სხვებსაც აუხსნან კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინაღმდეგ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი. მერე იყო ყველაზე სახალისო და საინტერესო გზა, მთელი საქართველოს ახალგაზრდები და მათ მიერ შექმნილი მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის სურათი, მათი პროექტები, ინტერვიუები, მათივე აღმოჩენები. დაიწერა საინტერესო სტატიები, ვიპოვეთ ახალი პერსონაჟები, ჩვენს არქივს დაემატა ახალი გამოცდილებები. ამ პროცესში ჩაეთო მუსიკოსი, რომელმაც მრავალფრონებისა და ინკლუზიის თემატიკაზე შექმნა საუცხოო მუსიკა ჩვენი ვიდეოებისთვის, მერე ვიმუშავეთ არაჩვეულებრივ მხატვართან, რომელმაც საოცრად ფერადი პოსტერები შექმნა უსაფრთხოების ინსტიტუტებში მრავლფეროვნების, ინკლუზიისა და თანაბარი შესაძლებლობების შესახებ.

მაგრამ კიდევ რაღაც გვინდოდა, რაღაც, რაც კიდევ უფრო მეტად გვაგრძნობინებდა, რომ საყრდენი გვაქვს, რომ ჩვენი ღირებულებები მხოლოდ შეთვისებული დასავლური ფასეულობები კი არ არის, ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით და ვართ, და მთავარი კითხვა დავსვით, როგორ მოვედით დღემდე, როგორი იყო ჩვენი წარსული იმ გმირული ისტორიების მიღმა, რასაც სკოლაში ან უნივერსიტეტებში გვასწავლიან .

კოლეგებთან ერთად გაჩნდა იდეა აკა მორჩილაძისათვის გვეთხოვა, სწორედ , ამ საფუძვლებზე დაეწერა რამე ისტორიულ-მხატვრულ-დოკუმენტური ამბავი, ამბავი მეფეების, მეომრების, მცველების, მეციხოვნეების შესახებ, თავდაცვაზე და ომზე, მშვიდობაზე. და ისეთი ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს სრულიად განსაკუთრებული რეფლექსია წარსულზე „არასამეცნიერო ჩანაწერები წარსული დროების შესახებ“ .

მადლობა აკა მორჩილაძეს, რომ აგვყვა ამ მოგზაურობაში და ახლა ისიამოვეთ მისი დროის მანქანით მრავალფეროვან და მებრძოლ საქართველოში.

Aka Morchiladze


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა