მრავალფეროვნება, ინკლუზია და თანაბარი შესაძლებლობები თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში – ის საკითხებია, რომელსაც შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა ჩვენს საზოგადოებაში, არადა ინკლუზიური და თანაბარ შესაძლებლობებზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბება ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ამოცანაა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე.
რელიგიური მრავალფეროვნებისა და ქალთა უფლებების ექსპერტი რუსუდან გოცირიძე, აღნიშნული მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობების საკითხებით და მათ წინაშე არსებული გამოწვევებით სახელმწიფო უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს და მიზნობრივი ნაბიჯები გადადგას.
,,აუცილებელია მრავალფეროვანი ინკლუზიური გარემოს შექმნა ისეთ უწყებებში, რომელიც მასკულინურ სტრუქტურებად მოიაზრება. პანდემიის დროს გამოჩნდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ არის მრავალფეროვნების მიმართ მგრძნობიარე დამოკიდებულება.
მე, ერთმა მოქალაქემ, შესაძლოა, არ ვიცოდე რატომ არ ლაპარაკობს მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართულად. სახელმწიფომ ხომ იცის, თუ რატომ ვერ ლაპარაკობს კომპაქტურად დასახლებული თემი სახელმწიფო ენაზე? მაგრამ ამ საკითხს სრულიად ბრმად უდგება.
პანდემიის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო მოსახლეობამ, რადგან არც ტელევიზია, არც ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის მათთვის. მაგალითად, ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, არსებობდა ინიციატივა, რომ მოსახლეობის ინფორმირებაში ჩართული ყოფილიყვნენ რელიგიური ლიდერები, იმამები და მოლები.
როდესაც მათთვის ნდობით აღჭურვილი ინსტიტუცია ელაპარაკება მათ, ამას სხვა წონა აქვს. მაგრამ როდესაც სახელმწიფო ელაპარაკება, მათ არ აქვთ განცდა, რომ ეს მათი ხელისუფლებაა’’, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
რუსუდან გოცირიძე განმარტავს, რომ ორგანიზაციის ,,სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ პროექტის ფარგლებში კახეთში გამართული შეხვედრის დროს დამუშავებული მრავლფეროვნების რუკის შექმნა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
,,კახეთი მნიშვნელოვან ეთნიკურ და რელიგიურ სიჭრელეს მოიცავს. ეს ჩემთვის როგორც მკვლევარისთვის, აღმოჩენაა. თანასწორობისა და ინკლუზიურობის მხრივ ძალიან პოზიტიური განცდა არსებობს კახეთში. შიშისმომგვრელია როდესაც შეხვედრის მონაწილეები ამბობდნენ, რომ პოლიციის უფროსი ან ძალოვანი სტრუქტურის ზედა ეშელონის ადამიანი არ უნდა იყოს არაეთნიკურად ქართველი. ყველა საუბრობს იმაზე, რომ მოქალაქე მოქალაქეა და ყველა თანასწორია, მაგრამ როგორც კი მსჯელობაში შევედით, აღმოჩნდა რომ უცხო და განსხვავებული არის რატომღაც შიშისმომგვრელი მათთვის’’, – ამბობს რუსუდან გოცირიძე.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ თამარაშვილი, უსაფრთხოების საკითხების მნიშვნელოვაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, მსგავსი სახის შეხვედრების ჩატარება და მიზნობრივი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებას არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით.
,,უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვა ყველასთვის მნიშვნელოვანია. ტრენინგზე საკმაოდ საინტერესო პრობლემები გამოიკვეთა, მოხდა შერეულ ჯგუფებში მუშაობა, აქცენტები გაკეთდა მულტიკულტურულ საკითხებზე. კახეთი ძალიან საინტერესო რეგიონია ღირშესანიშნაობების, ლანდაშაფტური, ეკოლოგიური, ტურისტული თუ ეთნო თვალსაზრისით. კავკასია საკმაოდ ჭრელია რელიგიური კონფესიების და ეთნოსის კუთხით და ჩვენ ამ ყველაფრის ფოკუსირება მოვახდინეთ. ძალიან საინტერესო გახლავთ ის გარემოებაც, ჩვენ ტოლერანტები ვართ, მაგრამ ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ მოხდეს დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე’’, – აცხადებს თამარ თამარაშვილი.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ბიჭიკო წიქარაძე განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მოქალაქეების განათლებას და ინფორმირებას უწყობს ხელს.
,,ვფიქრობ, პროექტის მიზანია, გაგვაცნოს უმცირესობების როლი სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურებში, როგორიც არის პოლიცია და ჯარი. გარდა ამისა, არ არის დაცული გენდერული ბალანსი. ქართველი მამაკაცები ამბობენ რომ ქალებს დიდ პატივს სცემენ. ძალოვან სტრუქტურებში კი მაღალ პოზიციებზე ქალები ძირითადად, საოფისე საქმეებით არიან დაკავებულები. ვფიქრობ, რომ ეს მარგინალური დამოკიდებულება გადმონაშთია საბჭოთა კავშირის, რომელმაც საკმაოდ სერიოზული დაღი დაასვა ქართველი ხალხის აზროვნებას და მოაქცია გარკვეულ ჩარჩოებში. რაც შეეხება კახეთის მრავალფეროვნების რუკაზე მუშაობას, ეს ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო’’, – ამბობს ბიჭიკო წიქარაძე.
ორგანიზაციის ,,სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ
,,პროექტი ,,მრავალფეროვნება, ინკლუზია და თანაბარი შესაძლებლობების თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებში’’ მხარდაჭერილია ნიდერლანდების საელჩოს მიერ საქართველოში. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის დემოკრატიულ რეფორმებს, ტრანსფორმაციას, საზოგადოებრივი ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერებას ამ სფეროებზე. უსაფრთხოების სექტორი სახელმწიფო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია და მისი დემოკრატიული ფუნქციონირება აუცილებელია.
ზოგადად უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული რეფორმის ერთ–ერთი ქვაკუთხედი არის ის, რომ სექტორი ყველა განსხვავებულს თანაბრად ეპყრობა და იცავს მათ უფლებებს არამარტო საზოგადოებასთან გარე კომუნიკაციაში, არამედ შიგნითაც. თუ თვალს მივადევნებთ ვნახავთ, რომ კონფლიქტური სიტუაციები იქმნება იქ, სადაც უმცირესობასთან ან მრავალფეროვნებასთან იკვეთება სახელმწიფო პოლიტიკა ან ცალკეული ინსტიტუტების ქმედებები. სწორედ, ამ თემებზე გადის ადამიანის უფლებების დაცვის ბეწვის ხიდი.
ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დემოკრატიული ზედამხედველობა განვახორციელოთ ამ ინსტიტუტებზე თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით და მათ დემოკრატიულ ფუნქციონირებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენს ტრენინგებსა და შეხვედრებს, რომელიც კახეთში ჩატარდა, ესწრებოდნენ ახმეტიდან, თელავიდან, საგარეჯოდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან.
რაც მთავარია პროექტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ მცირე ადვოკატირების პროექტები განახორციელონ რეგიონში’’, – განმარტავს შორენა ლორთქიფანიძე.
ეწვიეთ ვებ-გვერდს: რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ უნდა მოხდეს მრავალფეროვნი და ინკლუზიური გარემოს შექმნა (R)
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი