reports-jarisqalebi.jpg

გვყავს თუ არა ჯარის ქალები? ამ შეკითხვას, რომ ვუპასუხოთ, ჯერ უნდა ვიკითხოთ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ თუ არა ქალები. დიახ მსახურობენ! მაშინ გამოდის, რომ დიახ, გვყავს ჯარისქალები.

ამაზე ჯერ კიდევ მაშინ დავფიქრდი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ბარაქ ობამას გამოსვლა მოვისმინე. პრეზიდენტი ობამა ოსლოში გამოდიოდა სიტყვით, სადაც ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობდა. ძალიან შთამბეჭდავი იყო გამოსვლა (საერთოდ უნდა ვაღიაროთ, რომ აშშ- ის პრეზიდენტებს ყოველთვის კარგი „სფიჩი“ აქვთ). ახლაც ზეპირად მახსოვს ფრაზები მისი სიტყვიდან. ასე მაგალითად:

„ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები და ქალები იცავენ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას“,

,,ჩვენს ჯარისკაცებს და ჯარისქალებს არასოდეს უბრძოლიათ იქ, სადაც დემოკრატიაა“,

,,როცა მისიებიდან ბრუნდებიან ჩვენი ჯარისკაცები და ქალები, ჩვენ მათ ვეგებებით არა როგორც ომის მონაწილეებს, არამედ მშვიდობის მშენებლებს“ და სხვა.

იმდენად იმოქმედა ამ გამოსვლამ, ყოველთვის ვფიქრობ - მართლაც და რატომ მიმართავენ ჩვენს სამხედროებს მხოლოდ როგორც ჯარისკაცებს?

ამასწინათ, გენერალ კვინიკაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გახლდით მიწვეული. ლიცეუმში კადეტი გოგონები და ვაჟები დააჯილდოეს. სამხედრო მაღალჩინოსნებმა მათ ამაყად მიმართეს, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი ჯარისკაცები და საიმედო ცვლა. ამას ეუბნებოდნენ ვაჟებსაც და გოგონებსაც, რომლებიც ამაყად პასუხობდნენ ,,ვემსახურები საქართველოს!“ ცნობისთვის ამჟამად კადეტთა ლიცეუმში 63 გოგონა სწავლობს, რომელთა სწავლების მეთოდები, როგორც ფიზიკური, ასევე აკადემიური აბსოლუტურად თანაბარია ვაჟებთან მიმართებაში.

ქუთაისში, როცა თბილისის თეატრალური ინსტიტუტიდან დავბრუნდი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. კურსზე 38 ვიყავით. აქედან 36 გოგონა იყო და მხოლოდ 2 ვაჟი. მაშინ არ მიფიქრია და ახლა წარმოვიდნგინე რომ შემოსულიყო ლექტორი და ეთქვა -,,გამარჯობა გოგონებო“. ცხადია შეიქმნებოდა სასაცილო სიტუაცია. მე და ჩემი თანაკლასელი ვაჟი კი უხერხულში ჩავარდებოდით. ანუ რა გამოდის? როცა მეთაური ესალმება ჯარში რიგითებს - ,,გამარჯობა ჯარისკაცებო!“ და საპასუხოდ ,,გაუ-მარ-ჯოს“ დაიგრიალებს ჯარი იქ მყოფ ქალებს უხერხულობას არ უქმნის? გვიფიქრია ამაზე? მე მიფიქრია..

ბუნებრივია ამ ამბავს თავისი ახსნა აქვს. ჯარში გეტყვიან რომ ჯარისკაცებში ქალებიც იგულისხმება და კაცებიც, რაც ცხადია ჩვენს მენტალობაში არსებული სტერეოტიპების ბრალია და ყველა ,,ცოდვას“ შეიარაღებულ ძალებსა და მათ ხელმძღვანელობას ვერ ავკიდებთ.

ხშირად ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული ქალის დანახვა საზოგადოების გაოცებას იწვევს. საქართველოში ქალისა და კაცისთვის შესაფერისი პროფესიების ირგვლივ სტერეოტიპების არსებობას კვლევებიც ადასტურებს. ცოტამ თუ იცის, რომ ქვეყნის დაცვაზე მამაკაცებთან ერთად ქალებიც ზრუნავენ და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სათანადო პირობების არარსებობის გამო ქალების ჯარში მოზიდვა რთულია. უთანასწორობაზე საუბრობენ სამხედრო სამსახურში მყოფი ქალებიც. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებს ისინი ყველგან ხვდებიან - სამსახურში, ოჯახში, საზოგადოებაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 11 ქალი მონაწილეობს, ამასთან, 2009-2015 წლებში ავღანეთში მისიით 53 ქალი იმყოფებოდა,   2003-2008 წლებში ერაყში - 161 ქალი, 1999-2008 წლები კოსოვოში – 10 ქალი.

"ქალს რა უნდა ჯარში" - ეს ფრაზა მამაკაცი ჯარისკაცების მხრიდან ძალიან ხშირადისმის. ამიტომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერის კუთხით არსებულ პრობლემებს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ.

სჭირდება თუ არა ქართულ არმიას ქალი-სამხედროები და თვითონ ქალებს თუ სჭირდებათ ჯარში სამსახური? რა თქმა უნდა სჭირდებათ! ამიტომაც ქალბატონების მონდომება, მამაკაცების გვერდით დაიცვან სამშობლოს უსაფრთხოება მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არმიაში მომსახურე ადამიანი პირველ რიგში მშვიდობის სადარაჯოზე დგას. ევროპას ბოლო 60 წელია ომი არ უნახავს და ეს ყველაფერი სწორედ იმის გამო რომ დემოკრატიული ქვეყნები ჯარში მშვიდობის მშენებლობას ხედავენ და არა ომს. დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას რამდენიმე კონფლიქტური და პოსტკონფლიქტური მოუშუშებელი იარა აქვს, განსაკუთრებული როლი ეკისრება ქალების შეიარაღებულ ძალებში ყოფნას. რა დასამალია და მამაკაცებისგან განსხვავებით ქალები სხვაგვარად გრძნობენ მშვიდობის აუცილებლობას. არასოდეს კარგავენ იმედს.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დღესდღეობით 1200-მდე ქალი მუშაობს. მათ უკან ოჯახები, შვილები, მეუღლეები დგანან. ასევე - ფორმა, რომელსაც ყოველ დილით იცვამენ და მიდიან სამსახურში, ფორმა, რომლის სამკერდე ნიშანზეც ჯარისკაციწერია და თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სამშობლოს წინაშე.

სწორედ ამიტომაც დღეს განსაკუთრებით გვჭირდება სწორი ფორმულირება მივცეთ მათ თავგანწირვას. ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ? თუ კაცებს ვეძახით კაცებს- და სწორადაც, ქალებსაც დავუძახოთ ქალები. განა ეს ასე რთულია?

თუ კი ოფიციალური პირები და მედია დაამკვიდრებს ტერმინს ჯარისქალი, მალევე აიტაცებს მას საზოგადოება. რა მოხდება, რომ აი ხვალიდან, ან დღეიდან, ან სულაც ახლავე ჩვენს ქალებს, რომლებიც შეიარაღებული ქართულ არმიაში მსახურობენ ჯარისქალები ვუწოდოთ. მსოფლიოში ობიექტური არაფერი არარსებობს. ყველაფერი არის შეთანხმება და დათქმა. აი მაგალითად, წითელი არის ის, რაზედაც კაცობრიობა შეთანხმდა. ასევე მარტივად შეგვიძლია შევთანმხდეთ იმაზეც, რომ არსებობენ ჯარისქალებიც.

დიახ, როცა მივესალმებით არმიის წევრებს, თუნდაც ერთი ქალიც იყოს მათ გვერდით, სრულიად მარტივია: „გამარჯობა ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო და ქალებო!“


დათო ლიკლიკაძე

დათო ლიკლიკაძე - ჟურნალისტი.

დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1976 წელს.

უმაღლე სიგანათლების მიღების შემდეგ პროფესიული კუთხით სწავლა განაგრძო გერმანიაში. არის „დოიჩეველეს აკადემიის“ (ბერლინი) კურსდამთავრებული. ასვე სწავლობდა ნიუიორკის ჟურნალისტთა უმაღლეს სკოლაში. ასევე სოციალური მედიის კურსი გაიარა მერილენდის (აშშ) უნივერსიტეტში. მუშაობდა ადგილობრივ და ნაციონალურ ტელეკომპანიებში: „იბერვიზია“, რიონი“, “მზე“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ამჟამად რადიო „ძველი ქალაქის“ თანამშრომელია. ასევე რეგიონში წარმოადგენს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“. რამდენიმე წელია ქუთაისში მედია სკოლის მენტორია. ყავს მეუღლე და ერთი შვილი


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა