Batumi Street art

ყველგან შეიძლება გამოხატო შენი სათქმელი , მრავალი განსხვავებული საშუალებით, ფორმითა და მეთოდით. ქუჩის ხელოვნება  ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ფორმაა თვითგამოხატვისთვის, იდეების გავრცელებისთვის, პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისთვის. ის ერთგვარი პოლიტიკური და სოციალური მესიჯია. ჩვენს ირგვლივ მომრავლდა მოხატული კედლები, კრეატიული ხერხებით ასფალტზე გამოხატული სიმბოლოები - ალეგორია და სიმბოლიზმი ხომ ქუჩის ხელოვნების, და ზოგადად მხატვრობის მთავარი ხერხია.

ქუჩის ხელოვნება გვხვდება შენობების კედლებზე, ქუჩებში, მატარებლებლებზე, ავტობუსებზე, ყველა საჯაროდ ხილულ ზედაპირზე. აქ მთავარია რომ ის დაინახონ, დაამახსოვრდეთ და დაფიქრდნენ.

ქუჩის ხელოვნება მესიჯია - ბათუმის პორტის უბანში, თუ კარგად დააკვირდებით, ქალაქიდან გასვლისას ან შემოსვლისას ჭრელაჭრულა მოხატული კედლები მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. არტისტს ძალიან მოუნდომებიაო, იფიქრებთ, როდესაც კუბიკ-რუბიკის უზარმაზარ გამდნარ ფიგურას შეამჩნევთ. კუბიკ-რუბიკის სხვადასხვა ფერის უჯრედები რაღაცას გვეუნება ჩვენს თავზე, ადამიანების გასხვავებულობაზე, მათ ინდივიდუალიზმზე, ხშირად განსხვავებულობის გამო საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვაზე, იზოლირებასა და საზღვრების გადალახვის საუკუნეობრივ შიშზე. კუბიკ-რუბიკის პრინციპი მარტივი, თუმცა ძნელად მისაღწევია - აბა როგორია ერთად დაალაგო ერთი ფერის უჯრები. მაგრამ განა ეს წესრიგი შეიძლება მოვარგოთ ადამიანთა საზოგადოებას? მოარგეს, თანაც ბევრჯერ ისტორიის მანძილზე; ერთნაირები ერთად, დანარჩენი განსხვავებულები არსად. ამ მაგალითების ჩამოთვლას არ დავიწყებთ, მათი გახსენება შიშს იწვევს. მოკლედ კი, კუბიკ-რუბიკის აწყობის წესები არ ერგება ადამიანების საზოგადოების წესებს.

ჩვენ სხვანაირ საზოგადოებაზე ვოცნებობთ, თანასწორზე, ინკლუზიურზე, სამართლიანზე, რომელიც ურთიერთპატივსცემისა და ერთმანეთის მიმართ ღირსების გამოვლენაზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ არ გვინდა იმგვარ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც სტერეოტიპები და საკუთარი ინტერესია განმსაზღვრელი, რომელიც გამორიცხავს ემპათიას, ტოლერანტობასა და ერთმანეთის განსხვავებულობის აღიარებას.

სწორედ ეს გვითხრეს ახალგაზრდებმა, რომელთაც ბათუმის პორტის უბანში კედლების მოხატვაზე იმუშავებს არტისტ იოსებ ჯორბენაძესთან ერთად. მათ იმედი აქვთ რომ კედელს შეამჩნევენ და მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან ადამიანები.

კედლის მოხატვის იდეა გაჩნდა სამოქალაქო საბჭოს პროექტის „მრავალფეროვნება და ინკლუზია თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებში“ ფარგლებში და მას ორგანიზება გაუწიეს პროექტში ჩართულმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა