Army

გენერალ მაიორი (გად.) ვახტანგ კაპანაძე

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურის (conscription) და ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის (all – volunteer) შედარებას და ეფექტიანობის განსაზღვრას ასეული წლების მანძილზე ახორციელებდნენ პოლიტიკოსები, ეკონომისტები, სამხედრო თეორეტიკოსები თუ სამოქალაქო აქტივისტები.

სავალდებულო სამხედრო სამსახური წარმოადგენს საკანონმდებლო ვალდებულებას კონკრეტული დემოგრაფიული ქვეჯგუფის მიმართ სამხედრო საქმიანობის განხორციელების მიზნით (1).სავალდებულო სამხედრო სამსახური უშუალოდ ეხება და მოიცავს ახალგაზრდა მამაკაცების (ძირითადად 18-27 წლამდე) ფენას, თუმცა გვხდება გამონაკლისი სახელმწიფოები, სადაც გაწვევას ქალებიც ექვემდებარებიან (მაგ. ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, ნორვეგია, შვედეთი, ბოლივია, ჩადი, მოზამბიკი და სხვ.).

მიუხედავად ეკონომიკური, სოციალური თუ სამხედრო კვლევებისა, რომლებიც ამტკიცებენ ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის უპირატესობას, შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების სავალდებულო სამხედრო სამსახურის ფორმა ჯერ კიდევ გამოიყენება მსოფლიოს არმიებში. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი, როგორც წესი სოციუმის მხარდაჭერაა პატრიოტული თუ ფსევდოპატრიოტული არგუმენტებით.

თუ გადავხედავთ სამხედრო ისტორიას, ვნახავთ, რომ მე-14 საუკუნეში, იტალიაში დაქირავებულმა პროფესიონალმა მებრძოლებმა ჩაანაცვლეს სამოქალაქო მილიცია, რომელიც გარკვეულწილად ასევე  სავალდებულო იყო, თუმცა ხორციელდებოდა კონკრეტული შემთხვევისთვის და არ იყო პერმანენტული პროცესი. აღნიშნულმა საშუალება მისცა მოქალაქეებსა და გლეხებს დაბრუნებოდნენ თავიანთ საქმიანობას და წვლილი შეეტანათ ქალაქების თუ სამთავროებისთვის დოვლათის შემატებაში, რომლის ნაწილიც მიემართებოდა სწორედ დაქირავებულთათვის ჯამაგირის გადახდაში, რაც თავის მხრივ, ზრდიდა უსაფრთხოების ხარისხს.  ამ დროიდან, მე-18 საუკუნის ჩათვლით, ლანდსკნეხტები და სხვა   დაქირავებული პროფესიონალი მებრძოლები დომინირებდნენ ევროპის ბრძოლის ველებზე.

მსოფლიო სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ, საყოველთაო გაწვევით დაკომპლექტებული არმიის მიერ,ნაპოლეონ ბონაპარტის წინამძღოლობით მოპოვებულმა გამარჯვებებმა და 1814 წელს პრუსიის ტოტალური სამხედრო მობილიზებით ორგანიზებულმა ჯარების საბრძოლო წარმატებებმა.  შემდგომში, პირველ და მეორე მსოფლიო ომებმა, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, მოითხოვა მასობრივი არმიების ჩამოყალიბება.  შეიქმნა შეკრული წრე: რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, მით მეტი დანაკარგი იყო, რაც მოითხოვდა მეტი მებრძოლის მობილიზებას.  მე-2 მსოფლიო ომის ინერციით, სახელმწიფოთა დიდ უმეტესობას სამხედრო სამსახურის ფორმად სავალდებულო გაწვევა გააჩნდა, რაც გრძელდებოდა „ცივი ომის“ თითქმის ბოლომდე.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის და ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შედარება ყოველთვის ეყრდნობა სამ ძირითად მახასიათებელს: მორალურ - სოციალურს, ეკონომიკურ და სამხედრო - პრაქტიკულს.

სავალდებულო სამხედრო სამსახურს უდავოდ ჰყავს თავისი მომხრეები, რომელთა მთავარი მოტივაცია  ძირითადად მაინც ეფუძნება პატრიოტულ იდეას ან წარსულის იდეალიზირების ინერციას (მაგ. სამშობლოს დაცვის ან სამოქალაქო ვალის, „ყველა ვაჟმა ჯარი უნდა გაიაროს“ და ა.შ. ნარატივებს) და ძირითადად მოიცავს სოციალურ ფენას, რომლის უდიდესი ნაწილი არის გასაწვევ წლოვანებას გადაცილებული ან გარანტირებულად შეუძლია საკუთარი თავის ან მისი ახლობლის გაწვევიდან დახსნა.

სამხედრო სამსახურის მორალური მხარე ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა და იმყოფება.  ის უმნიშვნელოვანესია, როგორც შეიარაღებული ძალების ეფექტიანობის, ასევე მოსახლეობის მხარდაჭერის ასპექტებში.  ამავე დროს, არსებობს ფაქტიური ლეგიტიმურობის პრობლემაც, რაც გამოიხატება ადამიანის მიმართ დაძალებაში - აიღოს ხელში იარაღი, მოწყდეს, თუნდაც ერთი წლით ან 8 თვით, თავის ოჯახს და საქმიანობას, გაზარდოს თავისი ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის რისკ - ფაქტორები.  სავალდებულო სამხედრო გაწვევის მხარდამჭერები თვლიან, რომ ეს არის პიროვნების  ვალდებულება თავისი ქვეყნის წინაშე, მაგრამ, არანაკლები ვალდებულებაა მოქალაქემ იშრომოს და ხშირად ამით შესაძლოა უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს თავის ქვეყანას, ვიდრე იარაღით ხელში. სავალდებულო სამხედრო სამსახური ფაქტიურად წარმოადგენს მაღალი დისკრიმინაციის შემცველ პროცესს, რომელიც მოიცავს კონკრეტული წლოვანების, სქესისა და სტატუსის მქონე ადამიანთა  ფენებს (2).

სავალდებულო სამხედრო სამსახურის მხარდამჭერები ვადიან სამხედრო მოსამსახურეს განიხილავენ, როგორც დამაკავშირებელ რგოლს ჯარსა და საზოგადოებას შორის, ხოლო პროფესიული ჯარი განიხილება ერთგვარ „მოსახლეობას მოწყვეტილ ელიტად“.  რეალობაში, რა თქმა უნდა, ეს ასე არა არის.  თავისი ნება-სურვილით სამხედრო სამსახურში გასული პიროვნება, ისეთივე კანონმორჩილი მოქალაქეა, გადასახადების გადამხდელი, ოჯახის მამა ან დედა, როგორც სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანი. არავინ არ განიხილავს ექიმებს „ელიტად“ ან „სახელმწიფოს სახელმწიფოში“ მხოლოდ იმიტომ, რომ სამედიცინო კორპუსი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და არა ძალდატანებით მოზიდული პირებით.  ასევე გაზვიადებულია ეროვნული უმცირესობის უკეთესი ინტეგრაციის შესაძლებლობა: ტერიტორიული პრინციპით გაწვევის პირობებში (საცხოვრებელთან ახლოს), სამხედრო კოლექტივში როგორც წესი, ყალიბდება დაჯგუფებები ეთნიკური ნიშნით, რაც ხშირად ურთიერთ დაპირისპირების ან ბულინგის მიზეზი ხდება.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად ლეგიტიმურია ძალდატანებით (სავალდებულო, ფაქტიურად ამას ნიშნავს) სამხედრო სამსახურში გაწვეული პიროვნების გაგზავნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება, თუნდაც ამ პიროვნებამ თავად გამოთქვას სურვილი.  ხოლო, თუკი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი პიროვნება არ მონაწილეობს სახელმწიფოს საზღვრებს გარე სამხედრო მოქმედებებში (რაც საქართველოს მაგალითია), მაშინ მისი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია, ვინაიდან ქვეყანას შესაძლოა სასიცოცხლო სამხედრო-პოლიტიკური ამოცანის გადაჭრა, სწორედაც რომ საერთაშორისო ოპერაციებში მოუწიოს.  ცალკე თემაა ძალოვან უწყებებში, განსაკუთრებით, პენიტენციალურ დაწესებულებებში, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და, შესაბამისად, ფსიქოლოგიურად ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდების განწესების მორალური თუ ეთიკური ფაქტორები.

ერთადერთი უდაო უპირატესობა რაც ვადიან სამხედრო სამსახურს გააჩნია არის შეიარაღებული ძალების საჭირო რაოდენობით მყისიერად დაკომპლექტების შესაძლებლობა, ხოლო ინდივიდუალური სამხედროს დონეზე (რაც ნამდვილად სადაო საკითხია), შეიძლება ჩაითვალოს წვევამდელის ახალგაზრდობიდან გამომდინარე რომანტიზმი, ოჯახური ვალდებულებებისგან თავისუფლება, ბრძანებების ავტომატურად შესრულებისა და რისკისკენ მეტი მიდრეკილება.

ერთი შეხედვით,ბიუჯეტის პარამეტრებიდან სავალდებულო სამხედრო სამსახური უფრო იაფი ჩანს, ვინაიდან ვადიანი სამხედრო მოსამსახურისთვის ფაქტიურად ხდება მხოლოდ მცირე რაოდენობის სახარჯო ფულის გადახდა (საქართველოში ის თვეში 40-80 ლარის ფარგლებში მერყეობს, ძალოვანი უწყებიდან გამომდინარე) (3).  ასევე, არ წარმოებს სოციალური მხარდაჭერა მისთვის ან ოჯახის წევრებისთვის, ნებაყოფლობითისგან განსხვავებით.  ამავე დროს, არაპირდაპირი დანახარჯები, გამოწვეული სამსახურისთვის თავის არიდების, ემიგრაციის გაზრდილი რაოდენობის, ადრეული დაქორწინების და სხვ. მიზეზებით, რასაც ემატება წელიწადში ორჯერ გაწვევის კამპანიის ორგანიზება, ახალწვეულთა ტრანსპორტირება, ძვირადღირებული აღჭურვილობის გაცემა,  დაბალი ფიზიკური მოთხოვნების გამო გაწვეული პირების მკურნალობის გაზრდილი თანხები და სხვ. ირიბი თუ პირდაპირი დანახარჯი, მნიშვნელოვნად ტვირთავს ბიუჯეტს (4).მაკრო - ეკონომიკის გადასახედიდან, ვადიან სამხედროებით დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალების ხარჯში ასევე შედის მსყიდველობითი შესაძლებლობების დაქვეითება,   კომუნალური გადასახადების  და სოციალური შენატანების არ გადახდა,  გამოწვეული მცირე ანაზღაურების გამო გადასახადებისგან განთავისუფლებით (5).

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება  კანონით (საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის  შესახებ“).

 

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარება  18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი.  გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს  12 თვეს (6).

 

2014 – 2015 წლებში ჩატარებულმა გათვლებმა აჩვენა (7), რომ ერთი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ერთ წლიანი სამსახური, ბიუჯეტს უჯდებოდა დაახლოებით 8000 ლარი, ხოლო ნებაყოფლობითის 18 000 ლარი.  ყველაზე დიდი განსხვავება მოდიოდა, რა თქმა უნდა, ხელფასებზე და წვრთნებზე.  თუ, გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე სამხედრო მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე უნდა გადიოდეს იგივე მომზადებას, რასაც ნებაყოფლობითი (მათი ურთიერთ თავსებადობის და დასახული ამოცანის გადაჭრისთვის თანაბარი შესაძლებლობების გამო), ასევე, იღებდეს იგივე აღჭურვილობას და აღკაზმულობას, ეს სხვაობა კიდევ უფრო შემცირდება. ამავე დროს, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე, თავისი დაბალი კვალიფიკაციის გამო, სამსახურს გადის ძირითადად საყარაულო - დაცვით და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მიმართულებით. თუკი, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე სამსახურს ახორციელებს სამ დღეში ერთხელ, მაშინ განსხვავება, რა თქმა უნდა, იზრდება, თუმცა ასევე, მნიშვნელოვნად ქვეითდება სამხედრო მოსამსახურის მომზადების დონე.  აღნიშნული მხარდამჭერი საქმიანობა წარმატებით შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის დაქირავებული ადამიანების მიერ, ან ტექნიკური საშუალებების მოზიდვით, რაც დაახლოებით იგივე დანახარჯებით საშუალებას მისცემს სახელმწიფოს დაასაქმოს ადამიანები და გაზარდოს სამხედრო მოსამსახურის უშუალოდ საბრძოლო მომზადების დრო.  ეს პრაქტიკა დიდი ხანია დანერგილი და წარმატებულია დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში.

 

რაც შეეხება ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენელთა არგუმენტს, რომ „ჯარში წასული ახალგაზრდა დაეუფლება პროფესიას, რომელიც შინ დაბრუნებისას გამოადგება“ საქართველოსთვის აღარაა რელევანტური, მით უმეტეს, როცა ჯარში მხოლოდ რამდენიმე თვით იწვევენ და ისიც სამ დღეში ერთხელ მიდის სამხედრო ნაწილში.  უხეშად რომ დავითვალოთ, გამოდის რომ, თუკი უნდა ემსახურა 365 დღე,  დავაკლოთ ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადებისა და „ყაზარმულ მდგომარეობაში“ ყოფნის 9 კვირა (63 დღე). გარდა ამისა, ჯარისკაცს ეკუთვნის შვებულება (15 დღე), რასაც ოჯახური პირობების გამო შეიძლება დაემატოს 10 დღე. შესაბამისად, ჯარისკაცს სამსახურისათვის რჩება 365-63-15 (ან 25)=287 (ან 277) დღე, რაც რომ  გავყოთ სამზე გამოდის 96 (ან 92) დღე. ამრიგად,  ქვეყანას ემსახურება  მხოლოდ სამ თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში.

 შეუძლებელია ამ პერიოდში პიროვნებას სრულად შეასწავლო არა მარტო რომელიმე ღირებული სამოქალაქო პროფესია, არამედ სამხედრო საქმეც. მით უმეტეს, ის ამ დღეებში სულ განწესშია. ნებისმიერი ხელობის ათვისებას სჭირდება დრო.  ის ასევე სჭირდება პროფესიულ დახელოვნებას.  ამავდროულად, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს პროფესიული გამოცდილებაც, რომელიც წლებს მოაქვს.  შესაბამისად, ნებისმიერი ლოგიკით, ნებაყოფლობით სამხედრო მოსამსახურე უკეთ მომზადებული, სამხედრო-ტექნიკური ცოდნით უკეთა ღჭურვილი და გამოცდილი პროფესიონალია, ვიდრე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე.

ოცდაათ წელზე მეტი სამხედრო სამსახურის გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას, რომ განვაცხადო: თანამედროვე პროფესიონალ სამხედრო მეთაურთა უმეტესობა წინააღმდეგები არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურის, მისი შერჩევითობის, უმეტესად ყველაზე ნაკლებად განათლებული ფენის მოზიდვის, ადმინისტრაციული ხარჯების, სამსახურის დაბალი მოტივაციის, სუსტად მომზადების და შემადგენლობის სწრაფი ცვლილებების გამო.  ამას ემატება იმ აღჭურვილობის წყობიდან ნაადრევი გამოსვლა, რომელიც მოუმზადებელ სამხედროს ხელში ხვდება და მასზე ზრუნვაც პრიორიტეტული არ არის დროებითი ჯარისკაცისთვის. როგორც კარგ ჯარისკაცს, ისევე ცუდს, სჭირდება ერთნაირი კვება, იკავებ სერთნაირ ადგილს ტრანსპორტში, მოითხოვს ერთნაირ აღჭურვილობას, საჭიროებს ერთნაირ ყოფით პირობებს. ამავე დროს, სუსტად მომზადებული სამხედროს ეფექტიანობა ხარისხობრივად გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე კარგად მომზადებულის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა წვრთნაში ჩვენი პარტნიორები მონაწილეობას არ იღებენ.

შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზაცია საშუალებას აძლევს ახალგაზრდას - სამხედრო თუ სამოქალაქო პირს, გრძელვადიანი ინტერესების შესაბამისად დაგეგმოს თავისი განათლება, შრომითი საქმიანობა, ოჯახის შექმნა, ბავშვების გაჩენა(8). ასევე, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდებ აფსევდო - რელიგიური, პაციფისტური თუ სხვა მიზეზებით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მოვლენა. 

ისეთი განვითარებადი ეკონომიკისა და დაბალი სამხედრო ბიუჯეტის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რთული სამხედრო-პოლიტიკური ლანდშაფტის გარემოში, საერთაშორისო ოპერაციებში აქტიური მონაწილეობით სასარგებლო პოლიტიკური დივიდენდების შეძენის აუცილებლობისპირობებში, ამავე დროს, რომელსაც ახასიათებს უმუშევრობის მაღალი დონე და დაბალი შრომითი ანაზღაურება, მოითხოვს სამხედრო ბიუჯეტის გონივრულ და ეფექტიან მართვას. შესაბამისად, ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური, მხარდაჭერილი სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გამოთავისუფლებული თანხების მიმართვით მოქნილი და კარგად ორგანიზებული რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებისკენ, სრულად შეესატყვისება  ქვეყნის თავდაცვის წინაშე მდგარ ამოცანებს.

საქართველოს პირობებში სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა შეჩერდეს და არა გაუქმდეს, რათა ქვეყანას შეეძლოს მსხვილმასშტაბიანი საფრთხის შემთხვევაში სწრაფად გაზარდოს თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობა და განახორციელოს ქვეყნის ტერიტორიული დაცვის ორგანიზება.  თანაც, აღნიშნული უნდა მოხდეს შესაბამისი წინსწრებით და ეტაპებად.

ნებაყოფლობით დაკომპლექტებაზე სრულად გადასვლა მნიშვნელოვნად  წაადგება ქართული შეიარაღებული ძალების პოტენციალის ამაღლებას.  მასში იმსახურებს მხოლოდ ის ახალგაზრდა, რომელმაც გათვითცნობიერებულად აირჩია სამხედრო პროფესია, გაიარა რთული კონკურსი და შერჩევის პროცესი, დაამტკიცა თავისი ვარგისიანობა დასმული ამოცანების შესრულებისთვის და ჩაირიცხა შეიარაღებულ ძალებში.  ეს ფაქტორი ზრდის საბრძოლო სულისკვეთებას, აძლიერებს დანაყოფების გუნდურ სულს, ამცირებს გადინებას, რაც ნიშნავს სამხედროს მომზადებაზე დახარჯული სახსრების უფრო რაციონალურ გამოყენებას და შესაბამისად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

 

 

 

 

____________________________________________

1. PanuPoutvaara, Andreas Wagener, The political Economy of Conscription. Discussion Paper No.4429, September 2009, გვ.1

2. PanuPoutvaara, Andreas Wagener, The political Economy of Conscription. Discussion Paper No.4429, September 2009, გვ.9

3. მაგალითისთვის, შვეიცარიაში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე თვეში საშუალოდ იღებს დაახლოებით 650 აშშ დოლარის, ნორვეგიაში - 1000 აშშ დოლარის, ფინეთში 200 აშშ დოლარის, რუსეთში - 30 აშშ დოლარის ექვივალენტს და ა.შ.)

4. მაგალითად, ახალწვეულების გაწვევის ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს 69 მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, რომელიც შედგება უფროსისა და 5 ან 8 მოხელისგან.  თუკი ავიღებთ საშუალო რაოდენობად 5 ადამიანს, მთლიანი სამსახურის გასაშუალოებული ხელფასი თვეში შეადგენს 5 500 ლარს, შესაბამისად მთელი საქართველოსთვის თვიურად გამოდის დაახლოებით 380 000 ლარი, ხოლო წლიურად  4 550 000 ლარი, რასაც უნდა დაემატოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საწვავის, მივლინებებისა თუ ოფისის ხარჯები.  ჯამში ეს თანხა შეესაბამება 250 ნებაყოფლობითი სამხედრო პროფესიონალის ერთი წლით სამსახურის უზრუნველყოფას.  მოსაზრება, რომ აღნიშნული სამსახური ისევ გადაექვემდებაროს თავდაცვის სამინისტროს, სავარაუდოდ აამაღლებს მის ეფექტიან მუშაობას, თუმცა,სამოქალაქოების სამხედრო მოხელეებით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად გაზრდის სახელფასო დანახარჯს.

5. Aleksandra Dier, TO DRAFT OR NOT TO DRAFT? CONSCRIPTION REFORM IN THE EU, CSS Analysis in Security Policy, No. 75 • June 2010

6. https://mod.gov.ge/ge/page/31/savaldebulo-samxedro-samsaxuri

7. გათვლებში გათვალისწინებული იყო ხელფასი, უნიფორმა და სანივთე მომარაგება, კვება, საბრძოლო მომზადება, სამედიცინო მომსახურება, კომუნალური და აბანო - სამრეცხაო მომსახურება, საყაზარმო და სხვა ინვენტარი. აღნიშნული მონაცემები წლების მიხედვით ცვლადია ფასების და რაოდენობის შესაბამისად, თუმცა პროპორცია იგივე რჩება.

8. Milton Friedman, Why Not a Volunteer Army? // New Individualist Review. Vol. 4. № 4 , Spring 1967

 

 

 

 


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა