nato geo 1024x761 2

ბრიგადის გენერალი (გად.) ვახტანგ კაპანაძე

გასული წლიდან დაწყებული, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობის მნიშვნელობა ნათელია არა მარტო რეგიონის, არამედ ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნისთვისაც.შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის რეგიონი დღეს წარმოადგენს რთული პოლიტიკური ლანდშაფტის მქონე სივრცეს, სადაც იკვეთება მსხვილი სახელმწიფოების ინტერესები, შეიცავს გადაუწყვეტელ კონფლიქტებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს და ძნელად პროგნოზირებადი სცენარების განვითარების შესაძლებლობებს. ყველა ეს მოცემულობა ერთმანეთშია გადაჯაჭვული და ქმნის ფეთქებადსაშიშ გამოწვევებს არა მარტო რეგიონის, არამედ უსაფრთხოების უფრო ფართო განზომილებისთვისაც.

უნდა აღინიშნოს, რომ შავი ზღვის ფართო რეგიონის (The Wider Black Sea region)კონცეფციის შემოტანა და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში განხილვა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა არა მხოლოდ უსაფრთხოების სამხედრო ასპექტების, არამედ პოლიტიკური, საინფორმაციო, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

შავი ზღვის ფართო რეგიონის კონცეფციის განვითარება წარმოადგენს ნატოსა და ევროკავშირის ინტერესის გაზრდის შედეგს ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართულებით. ამ მოცემულობაში, კავკასიას, და კერძოდ, საქართველოს, მნიშვნელოვანი პოზიცია განესაზღვრება ევროპისთვის რუსეთიდან ენერგიის მიღების დამოუკიდებელი ალტერნატივის, რეგიონის სტაბილურობის, ტერორიზმისა და ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს შეუძლია ცენტრალური აზიის რეგიონისკენ დემოკრატიული ღირებულებების და ინსტიტუციების გატარების პორტალის როლის შესრულება.

მიუხედავად აღნიშნული ასპექტების არსებობისა, შავი ზღვის რეგიონში ალიანსის აქტიურობა მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ძალისხმევას, რომელსაც ნატო ახორციელებს აღმოსავლეთის ფლანგის სხვა რეგიონებში - პოლონეთსა და ბალტიისპირეთში (1). ამავე დროს ნათელია, რომ რუსეთის ქმედებებით გამოწვეული დაძაბულობის სიმძიმე შავი ზღვის რეგიონში გაცილებით მაღალია ვიდრე, თუნდაც ბალტიისპირეთში. ასევე აღსანიშნავია რომ, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში არსებული გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის პირობებში, ყარაბაღის კონფლიქტის ბოლო ცხელი ფაზის დასრულებამ რეგიონში ახალი რეალობა ჩამოაყალიბა:

  • პირველად ბოლო მრავალი ათეული წლის განმავლობაში, თურქეთი ამბიციით, ძალით, მზარდი ენერგიით აქტიური მოთამაშის სახით ჩაერთო კავკასიის რეგიონში, რომელიც ითვლებოდა რუსეთის ინტერესების ექსკლუზიურ ზონად;
  • ნატო-ს წევრი ქვეყანა, თურქეთი, აზერბაიჯანს დაეხმარა ერთ თვეში გადაეჭრა პრობლემა, რომლის მოგვარება 30 წლის განმავლობაში არ ან ვერ შეძლო რუსეთმა;
  • პოსტ - საბჭოთა ქვეყანამ შეძლო სამხედრო ძალით და მეგობარი ქვეყნის დახმარებით მოეგვარებინა წლების მანძილზე არსებული ტერიტორიული კონფლიქტი;
  • მიუხედავად გარკვეული მოკლევადიანი წარმატებისა, რუსეთმა, როგორც პარტნიორმა და მოკავშირემ, დაკარგა ნდობა სომხეთთან და ვერ მოიპოვა აზერბაიჯანთან. აღნიშნულმა დაანახა რუსეთზე დამოკიდებულ, განსაკუთრებით პოსტ - საბჭოთა ქვეყნებს, თუ რამდენად არასანდოა რუსეთის მფარველობის ქვეშ ყოფნა;
  • განიცადა რა მძიმე დარტყმა საკუთარ იმიჯზე გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთი სავარაუდოდ შეეცდება თავისი რეპუტაციის აღდგენას ამ ქვეყნებისა და მსოფლიოს თვალში, რაც ქმნის მისი მხრიდან ახალი აგრესიული ქმედებების დიდ ალბათობას.

ზოგადად, მსგავსი ცვლილებები გლობალურ პოლიტიკურ გარემოში მუდმივად ხდებოდა და ხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველო თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენებს ახლად ჩამოყალიბებულ რეალობას. სწორედ, აქ და ამ დროს ჩნდება დამატებითი სასიცოცხლო აუცილებლობა ნატო - საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის.

ვინაიდან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს ინტერესად დეკლარირებულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა (2), ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს ამ ეროვნული მიზნის მიღწევის პრიორიტეტულ საშუალებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური ენერგიით და ზედმიწევნით ასრულებს იმ მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მომდინარეობს ნატო-დან და მიზნად ისახავს საქართველოს მაქსიმალურ ინტეგრირებას ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში.

_________________________________________

  • Strengthening NATO in the Black Sea Region;

LTG (ret.) Ben Hodges; 12.15.2020

https://www.fdd.org/analysis/2020/12/15/defending-forward-strengthening-nato-in-the-black-sea-region

 

თავად ეს პროცესი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას, გარკვეულწილად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და საშუალებას იძლევა საქართველომაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. კერძოდ, საქართველო აქტიურადაა ჩართული ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (EAPC – Euro-Atlantic Partnership Counsil) საქმიანობაში; ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (PFP – Partnership For Peace)პროგრამის ფარგლებში მონაწილეობს ალიანსის წევრ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან სამხედრო წვრთნებსა თუ სწავლებებში;ახორციელებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP – Membership Action Plan) პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის რიგით მე-10 ეროვნული წლიური პროგრამის (ANP – Annual National Programme) შემუშავებას;ავითარებს ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP – Substantial NATO – Georgia Package) ფარგლებში არსებულ 14 პროექტს, რომელთა შორის გამოირჩევა ნატო - საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის (JTEC – Joint NATO-Georgia Trainings and Evaluation Center) განვითარება და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB – Defense Institution Building Scool ) დაფუძნება; 2015 წლიდან ქართული დანაყოფი წარმოდგენილია ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF – NATO Response Force). აღნიშნულს ემატება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტები, სესიები, სამიტები და მინისტერიალები, რომლებზეც განიხილება ნატო - საქართველოს ინტეგრაციისკენ მიმართული მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში (კოსოვო, ხმელთაშუა ზღვა), ხოლო ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველო რიგითპირველი კონტრიბუტორია ერთ სულ მოსახლეზე მონაწილე ქვეყნებს შორის.

რამდენად საკმარისია აღნიშნული ძალისხმევა დასახული მიზნის მისაღწევად? - რა თქმა უნდა არასაკმარისია. დღევანდელ სწრაფად ცვლად და არაპროგნოზირებად სამხედრო - პოლიტიკურ რეალობაში საქართველო ვალდებულია განახორციელოს და მსოფლიოს დაანახოს მუდმივი წინსვლა, პროგრესი. ის უნდა იყოს უფრო მეტად პრო - აქტიური და არ დაელოდოს შემდგომი ნაბიჯების შემოთავაზებას. დღეს ქვეყნის ერთ დონეზე შეჩერება ნიშნავს უკუსვლას.

საქართველოსთვის ერთ-ერთ ასეთ „შესაძლებლობების ფანჯარას“ წარმოადგენს ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ წამოწყებული ინიციატივა „NATO-2030“, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე სამყაროში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლაში ალიანსის ეფექტიანობის ამაღლების თაობაზე ხედვისა და რეკომენდაციების შემუშავებას. ინიციატივის შესაბამისად ნატო-ს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა შეინარჩუნოს უნარი მუდმივი ადაპტაციისთვის ცვლად სტრატეგიულ გარემოში. ის საჭიროებს თავისი შესაძლებლობების ამაღლებას, რათა ადეკვატურად გაუმკლავდეს როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობით წარმოქმნილ საფრთხეებს, გაზარდოს პოლიტიკური ბერკეტების „მოქმედების რადიუსი“, შეაკავოს მოწინააღმდეგე და დაიცვას ალიანსი თანამედროვე გამოწვევებით სავსე გარემოში(3). მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი და მომავალი წევრი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთო ალიანსის მომავლის განსაზღვრის პროცესში, რაც ნათლად მიუთითებს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე (5).

კიდევ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ალიანსის შავ ზღვაში ადაპტირებული მოწინავე განლაგების (Tailored Forward Presence in the Black Sea Region) (6) პოლიტიკის, აშშ-ს აქტიური მხარდაჭერით, განხორციელების ხელშეწყობა. აღნიშნული გულისხმობს საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო კომპონენტების მუდმივ აქტიურობას შავი ზღვის რეგიონში და კერძოდ, საქართველოშიც. აღნიშნული კონცეფცია მიღებულ იქნა ვარშავის სამიტზე 2016 წელს. ხმელეთზე აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს რუმინეთის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩამოყალიბებული მრავალეროვნული ბრიგადა. ამავე დროს, ალიანსის რამდენიმე ქვეყანა აძლიერებს რუმინულ და ბულგარულ საჰაერო ძალებს, რომელთა ამოცანაცაა ამ მიმართულებით ნატო-ს საჰაერო სივრცის დაცვა. ასევე, იზრდება ნატო-ს საზღვაო კომპონენტის აქტიურობა ზღვაზეც.

შავი ზღვის რეგიონში ადაპტირებული მოწინავე განლაგების პოლიტიკის წარმატებული იმპლემენტაცია, უდავოდ, მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს უსაფრთხოების ხარისხს, მის პოლიტიკურ წონას და ჩამოაყალიბებს ისეთ რეალობას, რომელსაც იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს როგორც რუსეთმა, ასევე აფხაზეთისა და სამხ. ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამაც.

___________________________________

  • NATO 2030: United for a New Era, 64 გვ., 25.11.2020

https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/2020/12/pdf/201201-Reflection-Group-Final-Report-Uni.pdf

 

 

 

 


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა