reports kutaisi 2020 02 10

სამოქალაქო საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ბექა ექსეულიძის მიერ ჩატარდა კახეთის რეგიონში არსებული უნივერსიტეტების 18-29 წლის სტუდენტთა აზრის კვლევა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მრავალფეროვნების, კერძოდ კი, ქალთა ჩართულობის შესახებ. კვლევაში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის (ქართველი, ქისტი, სომეხი) როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის სტუდენტები. კვლევის ფარგლებში სულ 90 რესპონდენტის პასუხი შეგროვდა 12 კითხვის ფარგლებში.

შეკითხვები იყო როგორც ღია, ასევე დახურული ხასიათის და მოიცავდა როგორც ზოგადად სამხედრო სამსახურის დანაყოფების შესახებ ცოდნის დადგენას, ისე ფართო გენდერულ საკითხებსა და შეხედულებებს ჯარში ქალთა თანასწორი ჩართულობის შესახებ. საინტერესოა, რომ ისეთ ზოგად კითხვებზე, აქვთ თუ არა თანაბარი შესაძლებლობები ქალსა და მამაკაცს და ბრძოლის ველზე ქალსაც იმდენის გაკეთება შეუძლია თუ არა როგორც კაცს, გამოკითხულთა უმრავლესობამ, 68.9%-მა, დადებითი პასუხი გასცა. ასევე, კითხვაზე თუ როგორ აფასებენ სტუდენტები ქალთა ჩართულობას სავალდებულო სამხედრო სამსახურში, გამოკითხულთა უმრავლესობა ამ საკითხს ან დადებითად ან ნეიტრალურად უყურებს, ხოლო უარყოფითად რესპონდენტთა მხოლოდ 4%.

თუმცა, მათ თანმხლებ ისეთ უფრო სიღრმისეულ კითხვებზე, რომლებიც ქალთა უშუალოდ ჯარში მსახურებასა და მათთვის არსებულ პირობებსა და ინფრასტრუქტურას, ისევე როგორც საერთო მოვალეობებსა თუ ისეთ სოციო-კულტურულ გარემოებებს ეხება, როგორიცაა ოჯახური მდგომარეობა, საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები თუ ამავე ნიშნით დამკვიდრებული სოციალური როლები, პრესტიჟი, ანაზღაურება და სხვა, უფრო არაერთგვაროვანი პასუხები დაფიქსირდა. სწორედ ამ პასუხების შეჯამებისა და გაანალიზების საფუძველზე ბატონმა ბექამ მიიღო შემდეგი დასკვნები, რომ: საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები და გენდერული ნიშნით დამკვიდრებული ტრადიციული როლები ხელს უშლის ქალთა უფრო აქტიურ მსახურებას ჯარში; აგრეთვე, ინფრასტრუქტურული და ანაზღაურების პირობების გაუმჯობესება იქნება სტიმული უფრო და უფრო მეტი ქალის თანაბარი ჩართულობისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

რაც შეეხება ისეთ ღია შეკითხვას, რომელიც რესპონდენტებს სთხოვდა დაესახელებინათ გამოსავალი რომელიც აღმოფხვრიდა ჯარში მომსახურე(თუ პოტენციურად მომსახურე) ქალთა მიმართ არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებასა და განაპირობებდა მათ თანაბარ ჩართულობას, დასახელდა არაერთი საშუალება. მათ შორის იყო როგორც სხვა ქვეყნების პოზიტიური მაგალითების ჩვენება და ადგილობრივ დონეზე წარმატებული ქალი სამხედროების ისტორიებისა და რჩევების გაზიარება, ისე სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები და მედია საშუალებების გზით ინფორმაციის გავრცელება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ასევე არაერთი გამოკითხულის მიერ დასახელებული ინფორმირებულობისა და განათლების დონის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურული თუ ფინანსური პირობების გაუმჯობესების გზით ქალთა მოტივაციის გაზრდა უნდა იყოს.


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა