Rabin

გინდ გენერალი

და გინდა რაბინი...

ბლოგის ავტორი

რუსუდან გოცირიძე

როდესაც გენდერულ, რელიგიურ და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე ვფიქრობ, ჩემდა უნებურად, პირველ რიგში ისრაელში ჩემი მოგზაურობა მახსენდება ხოლმე. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი მოგზაურობების არც თუ ისე მწირი გამოცდილების მიუხედავად, იერუსალიმში ყოფნამ ბევრი ისეთი რამ დამანახა და მაგრძნობინა, რაც მანამდე არსად შემხვედრია. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ რწმენის სენტიმენტებსა და რელიგიურ გამოცდილებას არ ვეხები. ასეთი სიჭრელე, ასეთი სილაღე და ამავდროულად ასეთი დაძაბულობა და ასეთი დახლეჩა ძნელად შემხვედრია სხვაგან.

განსაკუთრებით კი იერუსალიმი დამამახსოვრდა. ეს არის კონტრასტების ქალაქი... ეს არის კედლების ქალაქი... ეს არის საოცარი სიჭრელისა და საოცარი სეგრეგაციის ქალაქი... ეს არის თანასწორობისა და ამავდროულად სრულებით ჭკუიდან გადამყვანი უთანასწორობის ქვეყანა. ქუჩაში შეგხვდებიან კბილებამდე შეიარაღებული სიფრიფანა სამხედრო გოგონები, რომლებიც თავისი მამაკაცი კოლეგების გვერდით ამაყად მოაბიჯებენ სიცხესა და მტვერში მძიმე ეკიპირებით. მაგრამ, ამავე ქალაქში ერთსა და იმავე შენობაში ქალებს ცალკე კარიდან შეგიშვებენ და კაცებს ცალკე კარიდან. ეს არის ქალაქი, სადაც კვირა დღეს პალესტინელებისა და ებრაელების მაღაზიებში შეიძენ ხატებს, სანთლებს და საკმევლებს, რადგანაც ქრისტიანების დახლები დაკეტილია; შაბათს მენორას იყიდი ქრისტიანის მაღაზიაში, რადგანაც ებრაელები ამ დღეს არ მუშაობენ და პარასკევს სალოცავი ნოხები და სალოცავი კრიალოსნები ებრაელთა უბანში შეგიძლია მოძებნო.

ყველაზე სასიამოვნო იყო იერუსალიმის ფერებში შთაფვლა. ნაქარგები, ნაქსოვები, ჭრელჭრელი სუნელების მთები, შარფები, სამკაულები, ორნამენტები...

სამაგიეროდ, ძალიან გამიჭირდა ხმებთან დამეგობრება. ამ ქალაქში ერთმანეთის გადაფარვას ცდილობენ ტაძრების ზარები, სინაგოგების ჩოფარები და მინარეთიდან მოეძინის მოძახილები... თავის მხრივ კი, მაგალითად, აღდგომის ტაძარი რამოდენიმე ქრისტიანულ დენომინაციას მტკაველ-მტკაველ აქვთ დანაწილებული: ამდენი სვეტი კათოლიკეებისაა, ამდენ სვეტ ნახევარი სომხების, და აი, ის კუთხე კოპტების... კვირის წირვების დროს ერთსა და იმავე ტაძარში ერთგან გალობს გუნდი, მეორეგან რეკენ ზარები და მესამეგან უკრავს ორღანი...

ყველაზე შთამბეჭდავი იყო რაბინთა სკოლაში სტუმრობა. სტერეოტიპულად, რაბინები ყველას შლაპიანი და კულულებიანი კაცები წარმოგვიდგენია გრძელი შავი პალტოთი, თავსაფრიანი ცოლითა და ბევრი შვილებით. საქმე ისაა, რომ ორთოდოქსი იუდეველები მორწმუნე ებრაელების მხოლოდ ერთ მცირე ნაწილს წამოადგენენ. მსოფლიოში ლიბერალური და კონსერვატული (რაც ასევე ლიბერალური ფრთაა) იუდეველები ორთოდოქსებთან შედარებით გაცილებით მეტნი არიან. თუმცა, ნაკლებ თვალში გხვდებიან და ნაკლებად სახასიათოები არიან.

მაგრამ, როცა კონსერვატორი იუდაიზმის რაბინთა სკოლაში შევედი, სახასიათო და შთამბეჭდავი ამბავი აი, იქ დამიხვდა. ჩვენი მასპინძელი იყო სკოლის ხელმძღვანელი, პირველი ქალი რაბინი  ნაამაჰ კელმანი. ეს საამაყო და ისტორიული ფიგურა არანაკლებ საამაყო და ისტორიული ადამიანის ვოლფ კელმანის ქალიშვილია. ალბათ, ეს სახელი ბევრს არაფერის გვეუბნება. მაგრამ თუ გეტყვით, რომ ეს ის რაბინია, რომელიც მარტინ ლუთერ კინგის გვერდით მოაბიჯებდა 1965 წელს მონტგომერის მსვლელობისას, მაშინ მიხვდებით ჩემს გულის ფანცქალსა და აღფრთოვანებას.

თავად საეპისკოპოსო სამოსელში, იასამნისფერი ანაფორით ვიყავი. შესვლისთანავე შესამჩნევი გახდა ყველასთვის, რომ უცნაური სტუმრიანობა ჰქონდათ სასწავლებელში. მე კი დავდიოდი და აღფრთოვანებასა და გაოცებას ვერ ვფარავდი, როდესაც ციციტითა და კიფათი შემოსილი მომავალი რაბინი ქალების გაკვეთილებს ვესწრებოდი.

ამ საგანმანათლებლო ცენტრს თავისი ბიბლიოთეკა და საკუთარი მუზეუმიც კი ჰქონდა.  მუზეუმში ორმა ექსპონატმა მომხიბლა. ერთი იყო მცირე ზომის ქვის უძველესი სამსხვერპლო. თუკი იუდაურ ტრადიციას არ იცნობ, ამაში უცნაურს ვერაფერს აღმოაჩენ. ჩვენ, ქრისტიანები მიჩვეულები ვართ, რომ ტაძარი (ჩვენს შემთხვევაში ეკლესია) შეიძ₾ება იდგეს ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაზე და ერთ ქუჩაზე რამდენიმეც კი. მაგრამ იუდეველებისათვის ერთი იყო და ერთია ტაძარი. ტაძარი, რომელიც დღეს აღარ არსებობს და ვიდრე არსებობდა მხოლოდ იმ ტაძარში აღევლინებოდა მსხვერპლშეწირვა და შესაბამისად, სამსხვერპლოც მხოლოდ ის ერთი უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც იერუსალიმის მეორე ტაძარი დაინგრა, მსხვერპლი აღარ შეწირულა. და აი, ამ მუზეუმში დევს ძველი წელთაღრიცხვის დროინდელი სამსხვერპლო. რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობდა პარალელური ტრადიციებიც, სადაც ასევე აღევლინებოდა მსხვერპლშეწირვა.

ჩემი გაოცების კიდევ ერთი ობიექტი იყო ქვაზე ამოკვეთილი ტექსტი ე.წ. გამარჯვების სტელა ძველი წელთაღრიცხვის XIX საუკუნით დათარიღებული.  საქმე ისაა, რომ ტექსტი მთლად ვერ ჯდება თორას ნარატივში. მეოთხე მეფეთა წიგნის მე-9 თავში ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ ჩახოცა ისრაელის მეფე იორამი და იუდეის მეფე ახაზია იეჰუმ. სტელა კი მოგვითხრობს, რომ მეფე ჰაზაელმა მოკლა ისრაელისა და იუდეის მეფეები...

ჰო და, რატომ მოგიყევით ასე წვრილად ამ ორი ექსპონატის შესახებ... ერთი იმის მტკიცებულებაა, რომ სამსხვერპლო არა ყოფილა ერთადერთი და მეორე იმისი მტკიცებულებაა, რომ თორას ნარატივი ისტორიულად უშეცდომოდ არა ყოფილა აგებული. არა და, საუბარია იმ ტექსტებზე, რომელთა გადაწერისას სამი შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ხელნაწერი უვარგისად ითვლებოდა, რადგანაც მასში უმცირესი შეცდომაც კი არ უნდა გაპარულიყო... 

და ამ უცნაურ ნივთებს გადავაწყდი არა სადმე საერო სივრცეში, არამედ რელიგიურ სასწავლებელში, მომავალ სულერ წინამძღოლთა სამჭედლოში. როცა ვკითხეთ, რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც რელიგიური სასწავლებლისათვის ამ ფაქტების არსებობაო, მან გვითხრა - ჩვენთვის საღვთო წერილი გაცილებით დიდი და ძლიერი ამბავია, ვიდრე ისტორიული ფაქტების კორექტულობაო... ასეთი ხარვეზები არ გვიშლის თორაში ღვთის ნების ამოკითხვაშიო.

როგორც მიხვდებოდით, რაბი ნაამაჰთან ძალიან საინტერესო საუბრები გვქონდა.  დიდი ხანია ამ ამბებზე აღარ მიფიქრია. მაგრამ, ამ ცოტა ხნის წინ, ქართველი სამხედრო პირის, ახალგაზრდა ქალის, 2008 წლის ომის გმირი ზოია კურტანიძესთან საუბრისას ამომიტივტივდა პირველი რაბინი ქალის სიტყვები. თითქოს სიტყვა-სიტყვით მეორდებოდა ამ ორი სრულებით განსხვავებული პროფესიების, განსხვავებული ასაკისა და გამოცდილების ქალების თავგადასავალი.

მახსოვს, როგორ ყვებოდა ჭაღარა რაბინი, რომ არსად, არც ერთ ტექსტში არ წერია, რომ ქალს რაბინობა არ შეუძლია. რომ რაბინს მოეთხოვება თორას კარგი ცოდნა და სხვადასხვა უნარები და გამოცდილებები... და როცა დავუმტკიცეო, ჩემს წინამძღოლებს, რომ ყველა ამ მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი, ვერაფრით მითხრეს უარი რაბინობაზეო. ქართველი ქალი კი ყვებოდა, რომ არც კანონი, არც შინაგანაწესი, არც რაიმე კანონქვემდებარე ტექსტი არ უშლის ქალს სამხედრო კარიერის გაკეთებას. ისეთივე კარიერის გაკეთება შეუძლია, როგორც მის კოლეგა მამაკაცებს. უბრალოდ, სხვა ქალებს სამხედრო სამსახურში ან ადმინისტრაციაში, ან სამედიცინო სფეროში ურჩევნიათო შრომა. ისევე, როგორც ყველა მორწმუნე იუდეველი ქალი განსწავლილია რჯულსა და იუდაურ წესჩვეულებებში. მაგრამ ურჩევნია, რელიგიური დისციპლინის იმ ორბიტაზე იტრიალოს, რომელიც შაბათის საოჯახო ლიტურგიით, სანთლის ანთებითა და ლოცვის თქმით შემოიფარგლება. როგორც იუდაურ ტრადიციაში, ისე ქართულ გამოცდილებაში რჯულსა და კანონებზე უფრო უმტკიცესი ჩვეულება ყოფილა. ის ჩვეულება, რასაც ტრადიციას ვეძახით და რომელიც ქალსა და კაცს განსხვავებულ პასუხისმგებლობას, განსხვავებულ სივრცეს, განსხვავებულ ღირებულებებს სთავაზობს.

ქალები სამხედრო საქმეში არასანდოები არიან, იოლად გატყდებიან და იოლად დაშინდებიანო... ამას ამბობენ ქალებზე, რომლებსაც იმდენად უნდათ სამხედრო საქმე, რომ მზად არიან გადააბიჯონ ყველა სტერეოტიპულ სტიგმას; გადააბიჯონ  ‘მეზობელი რას იტვის’ და ‘თოფი რა ქალის საქმეა’ ამბებს; დადგეს იმ გამოწვევების წინაშე, როცა ქართული ჯარის ინფრასტრუქტურა არაა მზად სამხედრო ქალების იოლად მისაღებად; მზადაა უარი თქვას ბევრ ‘ქალურ ბედნიერებაზე’ და იდგეს იქ, საითაც მისი გული ძგერს...

ერთი ამბავიც მინდა მოგიყვეთ... ჩემს ეკლესიაში ერთი ძალიან ლამაზი ქალი გალობდა გუნდში. სიფრიფანა, ცისფერთვალება... ჭაღარა ხუჭუჭა თმას ულამაზესად იკრავდა კეფაზე და თავისნაირი გამჭვირვალე თეთრი თავსაფარი ეხურა ხოლმე თავზე. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო ეს ბუმბულივით ქალი. პატარა გოგონა წავიდა მოხალისედ და 45 წლამდე იბრძოდა. ექთანი იყო ფრონტის ხაზზე. რომ ჩამოვიდა, მაშინაც ჯერ ისევ პატარა გოგო იქნებოდა. მოხუცობაში იყო ულამაზესი და წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა ახალგაზრდობაში - წელში გამოყვანილი კიტელითა და მედლებით დამშვენებული გულით... ხო და ეს ლამაზი გმირი ქალი მარტოხელა დაბერდა და ბოლოს ძმიშვილებმა დაიტირეს და მიაბარეს მიწას. ომ გამოვლილი ქალი არავინ ინდომა არც ცოლად და არც რძლად. ... და ამ ქალებზე ამბობენ - იოლად გატყდებიანო, იოლად დაშინდებიანო...

პატრიარქალური კულტურის ყველაზე უფრო მძიმედ იერარქიულსა და ავტორიტეტულ დოკუმენტებში, როგორიც რელიგიისათვის შეიძლება იყოს რჯული და საღვთო წერილი, ხოლო სეკულარული სივრცისათვის - კანონი, აქაც კი შესაძლებელია, თუკი კარგად მოიწადინებ და ამისი ნება გექნება, ამოიკითხო თანასწორობა. როცა კანონში რამე დაბრკოლებაა, იოლია (მთლად იოლი შეიძ₾ება არა, მაგრამ მაინც) იბრძოლო ცვლილებებისათვის. ხოლო, როცა საღვთო წერილშია დაბრკოლება, მაშინ, უნდა გაიხსენო მეოთხე მეფეთა მეცხრე თავი და ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნის გამარჯვების სტელა. ჰო, შეიძლება საღვთო წერილისა და ისტორიული ფაქტების ამბები ერთმანეთს არ დაემთხვეს... ჰო, შეიძლება საღვთო წერილის დროინდელი ფასეულობები დღევენდელ ფასეულობებს სიტყვა სიტყვით არ მისდევდეს... ჰო, შეიძლება დღეს რომ იწერებოდეს რჯული და მცნებები, სულ სხვა რამეზე გაემახვილებინა რჩეულ ერს ყურადღება (ერთ ქვაბში რძისა და ხორცის მოხარშვისა და სელის და შალის ტანისამოსის ერთად ჩაცმის აკრძალვების გარდა)... უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ საღვთო წერილი არც ისტორიის სახელმძღვანელოა, არც ბიოლოგიის, არც უფლებათა კოდექსია და არც იურიდიული დოკუმენტი... საღვთო წერილი არის ღმერთის ძიების ამბავი ერთი კონკრეტული ერის გამოცდილების მიხედვით. ამ ტექსტს შორიდან უნდა დახედო და მთელი სურათი დაინახო. ისევე, როგორც დღევანდელ კანონებს. უნდა დახედო და დაინახო რამდენად ფასობს ამ ტექსტებში ადამიანი და ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ დაფასდეს.

და მოწადინებაზეა, გინდა გენერალი გეყოლება ქალი და გინდა რაბინი.


სამოქალაქო საბჭო
თავდაცვისა და უსაფრთხოების
საკითხებში (CCDS)

ჭავჭავაძის გამ. 12,
თბილისი 0179, საქართველო

საკონტაქტო ფორმა